საქართველოს, პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მეგობარმა სახელმწიფოებმა მიულოცეს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 12:11
საქართველოს, პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მეგობარმა სახელმწიფოებმა მიულოცეს

საქართველოს პარლამენტს და ქართველ ხალხს მეგობარმა ქვეყნებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე მიულოცეს. ნორვეგიის, ისრაელის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, უნგრეთის, სომხეთის, ქუვეითის, პოლონეთის, თურქეთისა და რუმინეთის პარლამენტებისგან მიღებულ მისალოც წერილებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს პირველმა პარლამენტმა შექმნა დემოკრატიის შესანიშნავი მაგალითი და საფუძველი ჩაუყარა თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს რესპუბლიკას.

წერილებში აღნიშნულია, რომ მეგობარი ქვეყნები მაღალ შეფასებას აძლევენ პირველი დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციას, რომელიც წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიის თვალსაჩინო და ადრეულ მაგალითს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმომადგენლობით სისტემას, სიტყვის თავისუფლებას, სასამართლო რეფორმას, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და ქალების არჩევითობას.


`მის აღმატებულებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ნორვეგიის პარლამენტში ქართველ ხალხთან მეგობრობის ჯგუფის სახელით გვსურს საქართველოს პარლამენტს მივულოცოთ 100 წლის იუბილე. მეგობრობის ჯგუფს აქვს ახლო კავშირი საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ისევე როგორც ქართველ ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქართული ბიზნესის და მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებთან.გვსურს ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და ავღნიშნოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მდიდარი ისტორია და გამოვხატოთ გულწრფელი სურვილი, მომავალში ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ ჩვენი მჭიდრო ურთიერთობები“ - აღნიშნულია ნორვეგიის სამეფოს პარლამენტში (სტურტინგი) საქართველოსა და უკრიანასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის - ულემიქ თომესეინის (პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე) მოსალოც წერილში.

„ქნესეთის წევრებისა და ჩემი სახელით, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ საქართველოს დამფუძნებელთა კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე, რომელიც საყოველთაო ფარული კენჭისყრის პრინციპზე იყო დაფუძნებული. ამ კრებამ, კანონების მიღებით ისეთ თემებზე, როგორიცაა მოქალაქეობა, თავდაცვა, განათლება, ტრასპორტი და სხვა, საქართველოს მომავალს მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა.

იმ დროიდან, ქართველმა ხალხმა ძლიერი და თვალსაჩინო დემოკრატიისა და წარმატებული საზოგადოების აშენება შეძლო. ამაყი ვარ, რომ ურთიერთინტერესებსა და სავაჭრო და პირად კავშირებზე დაყრდნობით, ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს თბილი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. ჩვენმა პარლამენტებმაც მჭიდრო სამუშაო ურთიერთობები განავითარეს, რომლებიც ორივე მხარის დემოკრატიისადმი ერთგულებასა და საერთო ფასეულობებზეა დაფუძნებული. ისრაელი და საქართველო ერთად მუშაობს, რომ ჩვენი ხალხისთვის ნათელი მომავალი შექმნას.

ვიმედოვნებ, რომ მომავალ წლებში საქართველო უფრო მეტ წარმატებას და კეთილდღეობას მიაღწევს. მე და ჩემი კოლეგები ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას, რათა მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს და ქვეყნებს“ - აღნიშნულია ისრაელის სახელმწიფოს „ქნესეთის“ სპიკერის, იული იოელ ედელშთეინის მისალოც წერილში.


„სასიამოვნო იყო თქვენი ეროვნულ ასამბლეაში მასპინძლობა მიმდინარე წლის 16 იანვარს. ჩვენ აზრების სიღრმისეული და საინტერესო ურთიერთგაცვლა გვქონდა. 

დღეს თქვენი პარლამენტი აღნიშნავს 1919 წლის 12 მარტს გამართული საქართველოს დამფუძნებელთა კრების პირველი სესიის ასი წლის იუბილეს.
იმის მიუხედავად, რომ 70 წლის განმავლობაში აღნიშნულმა ინსტიტუტმა ვერ შეძლო საკუთარი ფუნქციის შესრულება, კმაყოფილებას გამოვხატავთ დემოკრატიულობისაკენ მიმართული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი მზადყოფნას გამოხატავს, რათა უფრო გამყარდეს ორ პარლამენტს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები.

ბატონო თავმჯდომარევ, მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ თქვენ მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატების, საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტის ჟან რენე კაზენევისა (Jean-René Cazeneuve) და ვიცე პრეზიდენტის პიერ ვატენის (Pierre Vatin) ერთობლივ წერილში.


„დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის სახელით, მაქვს პატივი, მოგილოცოთ 2019 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელთა კრების ასი წლის იუბილე. 

ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ პირველი დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციას, რომელიც წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიის თვალსაჩინო და ადრეულ მაგალითს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმომადგენლობით სისტემას, სიტყვის თავისუფლებას, სასამართლო რეფორმას, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას და ეთნიკური უმცირესობებისა და ქალების არჩევითობას.

თავისი არსებობის პერიოდში, საქართველოს პირველმა პარლამენტმა შექმნა დემოკრატიის შესანიშნავი მაგალითი და საფუძველი ჩაუყარა თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს რესპუბლიკას, რომელიც ამჟამად არსებობს.

საუკეთესოს გისურვებთ ამ მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო აღნიშვნისას და სულმოუთქმელად ველოდებით მიმდინარე წლის ბოლოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან ერთად თქვენს ვიზიტს“- აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის მისალოც წერილში.

„პატივცემულო თავმჯდომარევ,ესპანეთის სენატისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ 1919 წლის 12 მარტს გახსნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე. 

ბატონო თავმჯდომარე, აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ესპანეთის სენატის თავმჯდომარის, პიო გარსია ესკუდეროს მოლოცვის წერილში.

„მსურს ვისარგებლო ამ შემთხვევით და გულითადად მივულოცო თქვენს ქვეყანას საზეიმო თარიღი, რომელიც აღნიშნავს საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს.

ვიხსენებთ რა, 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს შეიკრიბა პირველი დამფუძნებელთა კრება. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი გახდა ეროვნული დღესასწაული ქართველი ხალხისთვის და საქართველომ მთელი რიგი ქვეყნებისგან მიიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება.
ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ მყარი პარლამენტარიზმი არის სტაბულური და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. უფრო მეტიც, მე მტკიცედ მჯერა და იმედი მაქვს, რომ პარლამენტარიზმში, ეს წარმატებული 100 წლის პერიოდი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიის დინამიკის განვითარებაში, ასევე როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და განვთარებაში.
ველოდები, რომ ჩამოვაყალიბოთ წარმატებული სამუშაო პარტნიორობა თქვენი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან“, -აღნიშნულია უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟოლტ ნემეტის მისალოც ბარათში.


„სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის და ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პირველი საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს. 

ასი წლის წინ ჩვენმა ქვეყნებმა დიდხანს ნანატრი დამოუკიდებლობა თითქმის ერთდროულად გამოაცხადეს და სახელმწიფოს მშენებლობის ახალი ეტაპი დაიწყეს.
იმ დროის პოლიტიკოსებმა, ყოველგვარი საპარლამენტო ტრადიციის გარეშე ეროვნული დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩაატარეს და ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების სტრუქტურა გასული საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა და მათ თავიდანვე ისეთი კანონები მიიღეს, რომლებიც იმ დროის სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობისგან თავიანთი დემოკრატიული ბუნებით იმთავითვე გამოირჩეოდნენ.
პარლამენტის როლი მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო გარემოსა და სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ასევე პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობის დაწყების კუთხით. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჩამოყალიბებული ტრადიციები შემდგომშიც გაგრძელდა და, უფრო მეტიც, ახლაც წარმატებით ხორციელდება.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავს და ნაყოფიერ საქმიანობას გისურვებთ“, - აღნიშნულია სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის არარატ მირზოიანის მისალოც წერილში.


„მსურს დიდი სიხარულით გამოვხატო ჩემი გულწრფელი მილოცვა და წყალობა საქართველოს წარმომადგენლობითი პარლამენტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეზე, რომელმაც საქართველო გახადა მისაბაძი, კაცობრიობის შუქურა და სამაგალითო დემოკრატიული ქვეყანა. 

ყოვლისშემძლეს ვთხოვთ, რომ თქვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, პროგრესი და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) წევრის და გენერალური მდივნის მოადგილის რაკან ალ იუსიფ ალ-ნისფის (Rakan Yousef Al Nisf) მოსალოც წერილში.

ტეგები