კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2019 18:10
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

საკითხი პარლამენტის წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ წარუდგინა. მისი განმარტებით,



· განათლების მიმართულებით აღებული ვალდებულება, ითვალისწინებს თანამშრომლობის გააქტიურებას, პროფესიული და უმაღლესი განათლების მოდერნიზების ხელშეწყობის და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობას.



· მეცნიერების მიმართულება ითვალისწინებს სამოქალაქო სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების (RTD) ყველა სფეროში ორმხრივ სარგებელზე დაყრდნობით თანამშრომლობის ხელშეწყობას.

· კულტურის მიმართულება ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის ხელშეწყობას.

· სპორტის მიმართულება ითვალისწინებს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის სფეროში ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტის სოციალური და საგანმანათლებლო ფასეულობების განვითარების კუთხით თანამშრომლობის ხელშეწყობას.



მომხსენებელმა, სიტყვით გამოსვლისას, ასოცირების შეთანხმებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კომპეტენციაში შემავალ დებულებებთან დაკავშირებით, 2018 წელს განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ევროკავშირის განათლების პოლიტიკასთან მიახლოვების მიზნით, ევროკავშირის საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სამინისტრომ განათლების სისტემის 5 წლიანი სტრატეგიისა და 2 წლიანი სამოქმედო გეგმის 2017 წლის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა ევროპელი ექსპერტებისგან. „ამჟამად მიმდინარებს, 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განათლების ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში განათლების სტრატეგიული ხედვის შემუშავება“, - განაცხადა ნათია ზედგენიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზების მიზნით, ევროკავშირის დახმარებით, 15 ნოემბერს ოფიციალურად დასრულდა პროფესიული განათლების 30 მილიონიანი ევროს პროგრამა. „აღნიშნული დახმარების ფარგლებში, სამინისტრომ დაიწყო სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა (სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ICT-ის და ტურმიზმის მიმართულებით). 2019 წლის სექტემბრიდან კი დაიწყება - Skills Development and Matching Labor Market Needs, 48 მილიონ ევროიანი პროგრამის განხორციელება“, - განაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა.



მომხსენებლის ინფორმაციით, 2018 წელს მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, აგრეთვე, ევროკავშირი-აღმოსავლეთის პარტნიორობის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.



„გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში. სამინისტრო ინტენსიურად არის ჩართული მეორე ფაზის განხორციელებაზე, რომელიც სკოლის/საცხოვრებლის მშენებლობას და სასწავლო გეგმების ტიპის განსაზღვრას ითვალისწინებს“, - განაცხადა ნათია ზედგენიძემ. მან მოხსენებისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა Erasmus+ პროგრამაზე. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობის, სტუდენტებისა და აკადემიური დაწესებულებების მობილურობის გაზრდის მიზნით, Erasmus+-ის 2018 წლის უმაღლესი განათლების კომპონენტის ქვეშ გამოცხადებულ კონკურსებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით დაფინანსება მოიპოვა 5 ex-tempus პროექტმა. „ოცდაერთმა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე. 2 ქართული უნივერსიტეტი გახდა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების ასოცირებული პარტნიორი. გაიზარდა მოკლევადიანი სტიპენდიანტების რაოდენობაც, სულ ახლახან გამოქვეყნდა 2018 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველომ მე-8 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული სტიპენდიებით, 1808 სტუდენტმა ისარგებლა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში, გამოცხადდა Erasmus+-ის კონკურსი, რომლითაც სრულად გაიხსნა საქართველოსთვის გამოყოფილი 6 მილიონის ბიუჯეტის მქონე სპეციალური დაფინანსების ფანჯარა. „აღნიშნული გულისხმობს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და სტუდენტებისთვის კვოტის გამოყოფას. 800-ზე მეტი ქართველი სტუდენტი დამატებით, Erasmus+ კრედიტ მობილობით ისარგებლებს“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, Erasmus+ პროგრამის ახალგაზრდობის მიმართულებით სამინისტროს და მისი სააგენტოების მონაწილეობით დაფინანსებულია სამი პროექტი.

როგორც ნათია ზედგენიძემ აღნიშნა, ზოგადი განათლების მიმართულებით ევროკავშირში ციფრული ტექნოლოგიების კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს სკოლების Erasmus+-ის ონლაინ სასკოლო განათლების პლატფორმის eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობის გაზრდაზე. ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში დაწყებულია 3 სხვადასხვა პროექტის განხორცილება. მუშაობა გრძელდება 2 ინსტიტუციურ Twinning-ის პროექტზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდთან ერთად. ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, მუშაობა დაიწყო საქართველოს Erasmus+ის პროგრამულ ქვეყნად მოსამზადებელ პროექტზე. მომხსენებლის ინფორმაციით, ევროკავშირის კვლევით ჩარჩო პროგრამებში ქართული კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, Horizon 2020-ის მიმართულებით, 2018 წლის კონკურსებში დაფინანსება სამმა პროექტმა, ჯამური ბიუჯეტით 734,625.00 ევრო მოიპოვა. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ევროკომისია გეგმავს "researchers in motion"-ის ქსელის EURAXESS-ის გაფართოებას და მასში საქართველოს ჩართვას.



ნათია ზედგენიძის განმარტებით, კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის პროგრამის Creative Europe-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით, დაფინანსება მოიპოვა 10 პროექტმა. აქედან 2 პროექტში საქართველო წამყვანი პარტნიორის ფუნქციას განახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა შემოქმედებითი ინდუსტრიების მრავალფუნქციური ვებპლატფორმის შექმნაზე.



სპორტის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2018 წელს, საქართველო ევროკომისიის ინიციატივას - ევროპის სპორტის კვირეულს პირველად შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. მისივე ინფორმაციით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა ახალი კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“, რამდენადაც არსებული კანონმდებლობა (საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“) ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. მისივე თქმით, შემუშავდა „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია“, სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ეფექტური განვითარების მიზნით.



მომხსენებელმა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროფესიულ განათლებას, ევროპული სკოლის პროგრამის მიმდინარეობას და იქ არსებულ გამოწვევებს ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ეხებოდა.



„განათლება და მეცნიერება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია რეალობად იქცეს. საკანონმდებლო ორგანოში სწორი პრაქტიკა დავამკვიდრეთ, როდესაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, დარგობრივ კომიტეტთან ერთად, რეგულარულად აქვს შესაძლებლობა, სფეროების მიხედვით, სამინისტროების მიერ ამა თუ იმ სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოვისმინოთ. ჩვენ, დარგობრივ კომიტეტთან ერთად ვგეგმავთ, ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით სამინისტროების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წელიწადში ორჯერ მოვისმინოთ. პირველი 6 თვის ანგარიშის მოსმენა, სასურველია სექტემბრის თვეში, ხოლო წლიური ანგარიშის მოსმენა კი, მარტში გაიმართოს, რათა თემები იყოს აქტუალური და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები, რაზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს თხოვნით მიმართა, რომ პარლამენტს, სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიეწოდოს.



„მნიშვნელოვანია სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშები პარლამენტის წევრებისთვის წინასწარ იყოს ხელმისაწვდომი, რათა მოგვეცეს პარალელების გავლების და დინამიკაში პროგრესის გაცნობის შესაძლებლობა, რის შემდგომაც საკითხის განხილვა და დისკუსია იქნება უფრო საგნობრივი“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

 

ტეგები