საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 10:43
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. 

ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ პარიზში იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნას დაესწრნენ. ღონისძიება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა და კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრმა ფრანკ რესტერმა გახსნეს. 2019 წლის პარიზის წიგნის ბაზრობის მთავარი თემა ევროპაა, შესაბამისად, წიგნის ბაზრობის ფარგლებში, დაგეგმილია ევროპის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება.

საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხირციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო. 

მიხეილ გიორგაძის პარიზში ვიზიტის მიზანია ფრანგულ მხარესთან 2020-2022 წლებში პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილების დეტალების შეთანხმება და ფრანგულ ენაზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავება- განხორცილება. პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა გაზრდის ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ცნობადობას ფრანგულ ლიტერატურულ სივრცეში.

პარიზში მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი საქმიან შეხვედრებს გამართავენ პარიზის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთან, გამომცემლებთან, ასევე, საფრანგეთის წიგნის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან.