ირაკლი სესიაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 17:34
ირაკლი სესიაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დღეს  დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა გამართა.

„თქვენთან შეხვედრა დიდი პატივია ჩემთვის, პატივია თქვენი სამსახურის მიმართ, ღირსების მიმართ, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენ იქნებით ჩვენი ჯარის სახე, თქვენ იქნებით ის მეთაურები, რომლებიც ღირსეულად გაუძღვებიან ქვეყნის თავდაცვას“, - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ 2018 წლის ნატოს ანგარიშსაც და განაცხადა, რომ  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც საქართველოს პროგრესი თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვნად არის აღიარებული“.

„საქართველო მოხსენიებულია როგორც „კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი“. თქვენ იცით რომ არსებითი პაკეტის 15 ინიციატივა არსებობს - ერთი უკვე შესრულებულია, ორი შესრულების პროცესში, მისი პროგრესი აღიარებულია და უახლოეს ხანებში ეს ინიციატივა შესრულებულად ჩაითვლება. ყველაზე სასიხარულო რაც არის, 6 ინიციატივის შესრულება 2019 წელს იგეგმება. არის მოლოდინი, რომ ისინი წარმატებით განხორციელდება და ზოგადად, ამ თხუთმეტი ინიციატივიდან 2019 წლის ბოლომდე, ჩვენ დავასრულებთ 9 ინიციატივას, რაც არის მართლაც ძალიან სერიოზული შედეგი თითოეული თქვენგანის, სამინისტროს, მინისტრის, თავდაცვის ძალების მეთაურის. ამიტომაც, გუშინდელი დღე ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ნატოს გენერალურმა მდივანმა ასე ღირსეულად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, წელს  ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პროცესი გვექნება: რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა ნატოს გენერალური მდივანი,  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნა იწყება საქართველოში, ამასთანავე გვეწვევა ნატოს სამხედრო კომიტეტი. „რა თქმა უნდა მოლოდინები გვაქვს, როცა  გვეკითხებიან როდის გავწევრიანდებით ნატოში, ჩემი პასუხია - ჩვენ ამისთვის უკვე მზად ვართ და ამას ვამბობ გულწრფელად. არა მხოლოდ ისე, რომ მე მინდა, არამედ ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. დანარჩენი ბევრი რამ თქვენზე არის დამოკიდებული“, - მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს.

ირაკლი სესიაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს, სრულიად საქართველოს, ასევე მიულოცა არტილერიის დღე, რომელიც დღეს აღინიშნება საქართველოში. „ჩვენი არტილერისტები წლების მანძილზე ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოირჩეოდნენ თავისი პროფესიონალიზმით, უნარ-ჩვევებით და მათ  ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის წარმოებულ ომებში მართლაც გამორჩეული პროფესიონალიზმი გამოავლინეს   და მსურს გავიხსენოთ ყველა ის გარდაცვლილი გმირი, რომლებმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა გიორგი ანთაძემ მოკლედ გააცნო კომიტეტის საქმიანობა, მიზნები და სამოქმედო გეგმები, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლი და ფუნქციები.

შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში გაგრძელდა. დიალოგის პროცესში კითხვები სხვადასხვა თემას დაეთმო, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებს, თავდაცვის ბიუჯეტს, გაწვევის სისტემას და წვევამდელთა საკითხებს, რეგიონალური უსაფრთხოების თემებს და სხვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამხედრო განათლების განვითარების მხრივ მიმდინარე აქტივობებს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს და ვინაიდან პროფესიული სამხედრო განათლების განვითარება თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებაა, ამაში კომიტეტის მხრიდან მას სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება.