აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორ ენტომოლოგ გრეგ კრავჩუკს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2019 21:15
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორ ენტომოლოგ გრეგ კრავჩუკს შეხვდნენ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს, ენტომოლოგ გრეგ კრავჩუკს შეხვდნენ, რომელიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში 2016 წლიდან არის ჩართული.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით, აზიური ფაროსანა გახლავს ერთ-ერთი დიდი და ბოლო დროის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამდენად, დღეს გრეგ კრავჩუკის სტუმრობა განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ახალი ზელანდიის მრეწველობის სამინისტროს ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტიდან პოლ ჰალეტი, ავსტრალიის სოფლის მეურნეობის და წყლის რესურსების დეპარტამენტიდან ბრაიან გარმსი და ქეროლაინ მარტინი, რომლებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობენ საქართველოს.

გრეგ კრავჩუკმა კანონმდებლებს, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიოში არსებულ პრაქტიკაზე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ თავისი მოსაზრებები, შეხედულებები და სამომავლო ხედვები გააცნო. მისი თქმით, 2016 წლიდან, როდესაც ეს მავნებელი საქართველოში გამოჩნდა, მის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ იყო, შესაბამისად მთელი წელი დასჭირდა საქართველოს პირობებში მწერის ეტიმოლოგიის და ასევე ფერმერთა შესაძლებლობების შესწავლას, ამიტომ მასთან ბრძოლა 2017 წელს წარმატებული ვერაფრით იქნებოდა.

„2018 წელი იყო პირველი წელი, როდესაც გამოჩნდა ჩვენი ერთობლივი მუშაობის ეფექტურობა. შეიძლება ითქვას, რომ რეალობაში ეს თქვენი, ქართველი ხალხის დამსახურებაა. მე დავინახე პარაზიტების ინტეგრირებული მართვის ყველაზე მართებული სისტემა. ასევე იმედისმომცემია ქართველი მეცნიერების სხვადასხვა მეთოდები ამ პრობლემის გადაჭრისათვის. მთავრობა, სურსათის ეროვნული სააგენტო, მეცნიერები, ასოციაციები ყველაფერს აკეთებენ. სწორი გზით მიდიხართ და ვფიქრობ, საბოლოოდ წარმატება მიღწეული იქნება“, - განაცხადა მეცნიერმა.

მისი შეფასებით, დღეს-დღეობით ხელისუფლება, სურსათის ეროვნული სააგენტო, „აგრიჯორჯია“, ქართველი მეცნიერები და ფერმერები აკონტროლებენ ამ პრობლემას. „მართალია პრობლემა არის, მაგრამ ისინი ამ პრობლემაზე მაღლა დგანან“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.

„სანამ დისკუსიაზე გადავალთ, მსურს ახალზელანდიელებს მივუსამძიმრო იმ საშინელ ტერაქტთან დაკავშირებით, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქართველი ხალხის სახელით მსურს, რომ თანადგომა აღვუთქვა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის ექსპერტებს, რომელთა ძალისხმევამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ოთარ დანელიას თქმით, ასევე ძალიან დიდი იყო ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობაც, რომელიც 2017-2018 წლებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2017 წლის დასაწყისში და ერთობლივმა შრომამ შესაბამის შედეგებამდე მიგვიყვანა, თუმცა გამოწვევა გამოწვევად რჩება და ახლა მხოლოდ ფაროსანა აღარ არის თხილთან მიმართებაში ერთადერთი საფრთხე. ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ შემუშავებული მეთოდებითა და მიდგომებით, ეს მავნებელი სულ რამდენიმე წელიწადში კონტროლს დაექვემდებარება და ის არ გახდება ძირითადი პრობლემა სოფლის მეურნეობისა დასავლეთ საქართველოში. კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების პროცესებში სახელმწიფოს მაღალი ჩართულობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმათავის გამოსვლაში, ძირითადად, იმ დახმარებებზე ისაუბრა, რომელიც მიიღო საქართველოს მთავრობამ უცხოელი პარტნიორებისაგან, ეს ეხება როგორც ფინანსურ, ასევე ექსპერტულ დახმარებებს და გამოცდილების გაზიარებას.

„რომ არა ეს გამოცდილება, შედეგები არ იქნებოდა. ამ გამოცდილების გაზიარებისთვის დიდი მადლობა უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც უშურველად გვეხმარებოდნენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. დახმარების ხელი გამოგვიწოდა აშშ-მ, ევროკავშირმა, ჩინეთმა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პროცესების მართვაში მან განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტის, მათ შორის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის და მაჟორიტარების როლიც. გელა ხანიშვილის თქმით, მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების მიუხედავად, აზიური ფაროსანა კვლავაც რჩება გამოწვევად. სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მავნებელთან ბრძოლას მომავალ წელსაც გააგრძელებს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თხილის ხარისხის და მოსავლიანობის გაზრდა იქნება. მისივე თქმით, ქართველ სპეციალისტებს ბოლო ორ წელიწადში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდათ, რასაც საჭიროების შემთხვევაში უცხოელ კოლეგებსაც გაუზიარებენ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას გარდა, თხილის კულტურაში დაზიანება და მოსავლის დანაკარგი ძირითადად სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისგან არის გამოწვეული, რომელთა წინააღმდეგ აუცილებელია გატარდეს შესაბამისი აგროღონისძიებები. ოთარ დანელიას განცხადებით, სახელმწიფომ დაიწყო კამპანია, რომელიც ასევე ითვალისწინებს სწორედ სხვა დაავადებებთან და ვირუსებთან ბრძოლას. 

ტეგები