„ნაციონალური მოძრაობა“, ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად, ქვეყნის გადარჩენაზე პასუხისმგებლობისა და მმართველობის ასაღებად ემზადება"
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2019 11:24
„ნაციონალური მოძრაობა“, ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად, ქვეყნის გადარჩენაზე პასუხისმგებლობისა და მმართველობის ასაღებად ემზადება"

„ნაციონალური მოძრაობა“, ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად, ქვეყნის გადარჩენაზე პასუხისმგებლობისა და ქვეყნის მმართველობის ასაღებად ემზადება, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ამის შესახებ 1tv წერს.

მისი თქმით, საქართველოს მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ცალკეულ პიროვნებებზე, არამედ პრინციპებზე.

„გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა, სერიოზულად ჩაუყარა საფუძველი დიდ ცვლილებას საქართველოში. მოხდა მართლაც ფართო გაერთიანება სხვადასხვა საზოგადო ფიგურების, პოლიტიკური პარტიების, ძალების და ჩვენ არც შემთხვევაში ამას არ უნდა მოვეშვათ.

საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება, სრულიად სხვადასხვა ხალხის, მაგრამ რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება არა ცალკეულ პიროვნებებზე, არამედ პრინციპებზე. ეს პრინციპები არის საქართველოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება, დემოგრაფიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება. ეს ყველაფერი ასეც იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში გადამწყვეტ და წამყვან როლს თამაშობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული, მაგრამ მიმაჩნია, რომ აქვს ასევე კიდევ უფრო საინტერესო მომავალი. იმისთვის, რომ ეს მომავალი დროზე დადგეს, რა თქმა უნდა, საჭიროა მუდმივი განახლება და შეცვლა პარტიის შემადგენლობის, პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის, ამიტომ როგორც არასდროს, საჭიროა პარტიაში ახალი ხალხის მოსვლა და პარტიის მართვის მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობა.

ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც არც შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე აზრით, პარტიაში საჭიროა ახალი ხალხი, ახალი თავმჯდომარე, თავად კი, ამ თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

„ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცებთან მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით,  რომელიც გექნებათ „აიფონში“.

უახლოეს პერიოდში იმედია, პარტიის საორგანიზაციო ბირთვი შექმნის ამ აპლიკაციას და „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ წევრსა და აქტივისტს შეეძლება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა პირდაპირ ელექტრონულად, შეეძლებათთ პირდაპირ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კანდიდატების შერჩევაში, უახლოეს მომავალში საარჩევნო სიების შერჩევაში, კანონპროექტების მხარდაჭერაში, ძირითადი პოლიტიკური პოზიციების შეჯერებაში. მე ღრმად მწამს, რომ არა მხოლოდ ერთპიროვნული მმართველობა ან ჯგუფის მმართველობა, რაღაც არ შეიძლება იყოს, ყველამ უნდა ავიღოთ თავის თავზე პასუხისმგებლობა და ხელში ავიღოთ მმართველობა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის და მომავალში მთლიანად ქვეყნის. „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ქვეყნის გადარჩენაზე პასუხისმგებლობის ასაღებად და ქვეყნის მმართველობის ასაღებად. მაგრამ ეს პრინციპულად იქნება სხვანაირი მმართველობა. ეს იქნება მთლიანად ქართველი ხალხის მმართველობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მოდით, პირველად გამოვცადოთ ეს ტექნოლოგიები სწორედ ჩვენი შიდაპარტიული დემოკრატიის და შიდაპარტიული მართვის თვალსაზრისით. ეს ჩვენ უკვე ვცადეთ ემიგრანტებთან და იმუშავა. ეს აუცილებლად იმუშავებს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.