მე მართლაც ვარ ტანმორჩილი, რაც ძალიან მომწონს - თეა წულუკიანი
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2019 13:09
მე მართლაც ვარ ტანმორჩილი, რაც ძალიან მომწონს - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "იმედის დილაში" რუბრიკა "პირადი ნივთების" სტუმარი იყო. მთავრობის წევრმა თავისი ბავშვობა გაიხსენა. როგორც წულუკიანმა თქვა, ის ცელქი ბავშვი არ იყო, თუმცა ცელქობის სურვილი ჰქონდა. 

"მე მართლაც ვარ ტანმორჩილი, რაც ძალიან მომწონს. თავიდან იმ ყველაფრის ატანა მიჭირდა, რაც უნდა გადაგეტანა იმიტომ, რომ ხარ პატარა, ანუ დაბალი. გასმევენ უამრავ რამეს, ჭარხლიდან დაწყებული ხაჭოსა და მაწვნის ნარევით დამთავრებული. ამაში იყო შერეული საბჭოთა აფთიაქში ნაყიდი კალცი. იცით როგორი გემო აქვს? საბჭოთა სკოლაში იყო სტიგმა - უნდა ყოფილიყავი ლამაზი, მაღალი, ტანადი, ძლიერი. მე ამ კრიტერიუმებს, რა თქმა უნდა, ვერ ვაკმაყოფილებდი. თუმცა, ჩემ თავთან ყოველთვის კომფორტში ვიყავი", - თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა თავის პირად ცხოვრებასა და შვილზეც ილაპარაკა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შეყვარებული ყოველთვის უანგაროა.

"მერიკო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ჩემ მეუღლესთან ერთად, ცხადია. ორი კაკულია... მერიკოს დაბადებამ ყველა შეგვცვალა. ვცდილობ ავეწყო მის რეჟიმს. საღამოს თავისუფალ დროსა და  შაბათ-კვირას მასთან ვატარებ. ისიც მოვახერხე პრემიერთან შეთანხმებით, რომ 2 თვე მქონოდა დეკრეტული შვებულება. მეტი ვერ მოხერხდა. ბავშვის დაბადებიდან პირველი კვირებია მნიშვნელოვანი, რადგან დედა-შვილს შორის მყარი კავშირი სწორედ ამ დროს ყალიბდება", - განმარტა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის პატარა შვილი მერიკო დღეს იუბილარია. ის 2 წლის გახდა.