ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელა
ამობეჭდვა · 18 / 03 / 2019 15:51
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა.

„საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, განსახილველად წარმოდგენილია მნიშვნელოვანი, მოცულობითი საკითხი - „საქართველოს ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე 22 კანონპროექტი.  ჩვენ  აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის და რაციონალურ გამოყენების  ხელშეწყობა მოხდეს. ასევე, გვაქვს ვალდებულება სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღოს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით ვაჭრობის თაობაზეც.  წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 233-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რომელიც ტყის მდგრად მართვას და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობას ეხება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ. 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი, პირველი მოსმენით განსახილველად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარმოადგინა.

„ეს არის ასოცირების შეთანხმების ვალდებულების შესრულებისკენ წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ასოცირების შეთანხმება პირდაპირ აკეთებს მითითებას იმაზე, რომ დავამკვიდროთ, ტყის მდგრადი მართვა, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ რომ დავიცვათ ჩვენი ტყეები ასევე, ქვეყანამ ტყეებისგან მათ შორის, ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ამავდროულად, ტყის მართვა ჩვენ უნდა განვახორციელოთ საუკეთესო პრაქტიკის და იმ ევროპული პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ათეული წლებია მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრებულია“, - განაცხადა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი განმარტებით სამინისტრო, ტყის კოდექსზე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.

„იყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის ევროკავშირის Twining-ის პროექტი, რომელიც გვეხმარებოდა, იმაში, რომ ჩვენი კოდექსი იმ ევროპული გამოცდილებისთვის მოგვერგო, რაც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვე დამკვიდრებულია. ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა არის საკმაოდ მოძველებული და არ პასუხობს იმ რეალობას და გამოწვევებს, რომელიც ტყის სექტორში გვაქვს. ფაქტობრივად, ქვეყნის ტერიტორიის 40% უკავია ტყეებს, რომელიც არის უნიკალური ენდემური სახეობებით გამორჩეული ტყის ფონდი და რომელიც განსხვავდება იმ ფონდისგან რაც დღეს ევროპაში აქვთ. ამ ტყეს სჭირდება დაცვა. თუმცა, ამ ტყეს ასევე გააჩნია პოტენციალი, იმისა რომ სახელმწიფომ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს და ასევე, მოხდეს იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომელიც ადგილზე მოსახლეობას გააჩნია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ტყეებზე არის მაღალი, რადგან ამას სოციალური მნიშვნელობა აქვს და მისი გამოყენება აქტიურად ხდება სოციალური ფონიდან გამომდინარე. „ასევე, ხშირია ქვეყანაში უკანონოდ ტყით სარგებლობის შემთხვევები, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში უსისტემოდ ხდებოდა ტყის რესურსის გამოყენება და ათვისება. ეს კანონმდებლობა შექმნის   სწორ სამართლებრივ საფუძვლებს იმისთვის, რომ ჩვენ სულ სხვა მიდგომებით ვმართოთ ტყე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

„ტყის კოდექსი“ არის საკმაოდ მოცულობითი პროექტი და ეხება ტყის მართვის ყველა ასპექტს. „მთელი რიგი საკითხები, რომელიც  ჩვენ დღეს კანონქვემდებარე აქტებით და ისიც არასრულად გვქონდა დარეგულირებული, დღეს კანონის დონეზე ხდება მისი დარეგულირება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შემოდის ტყის მდგრადი მართვის პრინციპი. ახლებურად ხდება ტყის საზღვრების ხელახალი დადგენა და შესაბამისი ინვენტარიზაციის ჩატარება, ასევე, ტყის მართვის გეგმების შედგენა, რომელიც შესასრულებლად იქნება სავალდებულო და სადაც დეტალურად გაიწერება თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ტყის მართვა. „ტყეების მართვა მოხდება წინასწარ შედგენილი გეგმების საფუძველზე და გარდა ამისა, შეიქმნება სატყეო მეურნეობები მუნიციპალიტეტების მიხედვით, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს სატყეო სააგენტო“, - აღნიშნა მომხსენებელმა. მისივე განმარტებით, ტყის კოდექსის მიხედვით, ქვეყნაში შეიქმნება სატყეო მეურნეობები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სადაც მოხდება ხე-ტყის დამზადების სამუშაოები, რაშიც ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და ეს იქნება დასაქმების საშუალება. ამ პროცესს კი, ორგანიზებულად წარმართავს ტყის მართვის სააგენტო, რომელიც სრულიად ახლებური ფორმით ჩამოყალიბდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოციალური ჭრა ეტაპობრივად ჩანაცვლდება უშუალოდ მართვის ორგანოს მიერ დამზადებული ხე-ტყით, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია.

ასევე, პროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება ტყით სარგებლობის საკითხები. შესაძლებელი იქნება ტყის მრავალფუნქციური სარგებლობის პრინციპები, რაც გულისხმობს, რომ ტყე თავისი არსით დაიყოფა კატეგორიებად - იქნება სხვადასხვა კატეგორიების ტყე, რომელიც სხვადასხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

ერთ-ერთი პრინციპული საკითხი რაც ახალ კოდექსითაა გათვალისწინებული არის ის, რომ ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაცემა აღარ იქნება გათვალისწინებული.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტყე მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებითა და მართვის ძირითადი მიზნების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) დაცული ტყე;

ბ) დაცვითი ტყე;

გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე;

დ) სამეურნეო ტყე.

„თითოეულ მათგანს დაცულობის მაღალი ხარისხი აქვს მინიჭებული“, - აღნიშნა მომხსენებელმა. მისი თქმით, კანონი არის საკმაოდ მოცულობითი, ახლებურად რეგულირდება სისტემა და მიზანშეწონილი იქნება მისი ეტაპობრივი იმპლემენტაცია.

„კანონპროექტი მიღებისთანავე არ ითვალისწინებს სოციალური ჭრის გაუქმების შესაძლებლობას, ამიტომ ვფიქრობთ რომ საპილოტე პროექტების განხორიცელების პარალელურად, შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ეტაპობრივად სოციალური ჭრის ნაცვლად მეურნეობებით ჩავანაცვლოთ ის არსებული პრაქტიკა რაც გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

მისი განმარტებით, თანმდევ კანონპროექტებში ხორციელდება ტექნიკური ცვლილებები, რაც გულისხმობს ტყის კოდექსის პრინციპების ასახვას იმ კანონმდებლობაში სადაც ამ დრომდე ძველი ტყის კოდექსის პრინციპები იყო გათვალისწინებული.

ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება და გათვალისწინებულია მათი სოციალური დაცვის გარანტიები. ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.

ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტის სხვა ძირითადი პრინციპებიც გააცნო, რის შემდეგაც მათ კითხვებს უპასუხა.

„ტყის კოდექსი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური საკითხი გარემოს დაცვის მიმართულებით. ვიზიარებთ იმ პრინციპს, რომ ტყეში არაპროფესიონალების მოხვედრა არის ბევრ რისკთან დაკავშირებული. ბილეთის სისტემა რომელიც მოქმედებდა არ იყო სრულყოფილი. უმნიშვნელოვანესია, რომ სწორად იქნება      შერჩეული მოსაჭრელი ხე და შეშა ორგანოს მეშვეობით დროულად დამზადდება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა. მან აღნიშნა ისიც, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განსახორციელებლად მარტივი არ იქნება. „საჭირო იქნება ამ ორგანოს ბიუჯეტიდან დაფინანსება, რათა მოსახლეობაზე არ აისახოს ხე-ტყის ფასი, რაც მძიმე ტვირთად დააწვებათ მათ. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ტრანსპორტირების ხარჯები  არ გაეზარდოთ“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. 

კომიტეტის წევრს გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ ეს კანონი უფრო მეტად დაიხვეწოს.

კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა კომიტეტის სხვა წევრების მიერ. მომხსენებელმა, სხდომაზე დეპუტატების მიერ გამოთქმული რიგი რეკომენდაციები და წინადადებები გაიზიარა.

სწორედ, ამ შენიშვნების გათვალისწინებით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.