2020 წლისთვის რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს დახურვა იგეგმება
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2019 12:14
2020 წლისთვის რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს დახურვა იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22-პროცენტიან შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. 

თეთრი სახლის მიერ კონგრესში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) გვერდზე 18 მარტს გამოქვეყნდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ავრცელებს. 

პროექტის მიხედვით 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული. ეს შემცირება ითვალისწინებს ბიუჯეტის მკვეთრ შეკვეცას, მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროსა და მაკედონიის მიმართულებები. 

„გასულ წელს რთე/რთ-ს სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ აუდიტორიამ ყოველკვირეულად 34 მილიონ ადამიანს მიაღწია - რაც 30 პროცენტიანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. ეს ადასტურებს, რომ ობიექტური ჟურნალისტიკის მიმართ ინტერესი მზარდია რუსეთში, ირანში, პაკისტანსა და რადიო თავისუფლების ყველა სხვა სამიზნე ქვეყანაში“, - აღნიშნა რთე/რთ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეიზი სინდელარმა.

საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც ხშირად თეთრი სახლის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს.

2019 წელს კონგრესმა რთე/რთ-სთვის 124 მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ 91 მილიონის დამტკიცებას ითხოვდა.

რადიო "თავისუფლება" 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს.