თანამდებობაც და გუნდის წევრობაც პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა - რატი იონათამიშვილი
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2019 14:16
თანამდებობაც და გუნდის წევრობაც პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე განცხადება გააკეთა.

„ძალიან უცნაურია ჩემთვის და ცოტა უხერხულიც არის, რომ ჯერ როდესაც ტოვებ უმრავლესობას და გუნდს, ელემენტარული პრინციპია, რომ  ამ შემთხვევაში თანამდებობა მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. მე თუ ოდესმე ეს გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ არანაირი თანამდებობა არ მიღირს არაფრად, იმიტომ რომ თანამდებობაც და გუნდის წევრობაც პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა და ერთ პასუხისმგებლობას გავექცე და მეორე პასუხისმგებლობას გამოვებღაუჭო, მე მგონია, რომ არ არის სწორი და ამ შემთხვევაში გულწრფელები და მართლები არ ვიქნებით და პირადი ინტერესების გამო გადავწონით სხვა რაღაცას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის წევრი სხდომაზე რეგლამენტთან და პროცედურებთან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ   ასეთი განცხადებები და ასეთი მიდგომები ხელს უწყობს არაჯანსაღი სტანდარტების დამკვიდრებას, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ პიროვნული თვისებები უფრო მაღლა დგას ვიდრე ქვეყნის, გუნდის და თუნდაც იმ ვალდებულებების, რაც ჩვენ გაგვაჩნია, როგორც დეპუტატებს.