ზაზა გაბუნიამ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2019 16:21
ზაზა გაბუნიამ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო ჯგუფის შესახებ და საქართველოში „თვითმმართველობის აკადემიის“ დაარსების ინიციატივაზე იმსჯელეს.

„დღევანდელი სხდომა ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ დეცენტრალიზაციის რეფორმას და ამ პროცესში პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს  ჩართვას. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ დაასრულა მუშაობა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე რომელიც 2019-2025 წლებს მოიცავს  და ძირითად მიმართულებებად განსაზღვრავს: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდას, ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალურ და ფინანსურ გაძლიერებასა და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამ დოკუმენტის შესახებ საკუთარი სიტყვა თქვას. „საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორედ, ამ სტრატეგიის დოკუმენტს დეტალურად განიხილავს იმ საჭიროებით, რაც ასეთი შინაარსის, რანგის, მნიშვნელობის რეფორმას თუ დოკუმენტს სჭირდება. ჩვენ ველოდებით საკმაოდ აქტიურ დინამიურ პროცესს, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტიდან“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიას ინიციატივით, მომავალ კვირას, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც ჩართულები იქნებიან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები, ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციების წარმომადგენლები მათ შორის,  საპარლამენტო ოპოზიციიდან ასევე, პარლამენტის ის წევრები, რომელებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის 2 წარმომადგენელი.

„საპარლამენტო ჯგუფი შედგება საპარლამენტო სუბიექტებისგან, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ პროცესში კარი ფართოდ უნდა გავაღოთ საზოგადოებისთვის და უპირველესად, საბჭოს წევრებისთვის. ნებისმიერ რეფორმას სჭირდება საჯაროობა, გამჭვირვალობა, ღიაობა. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება საკონსულტაციო საბჭოს წევრები წარმოდგენილი იყვნენ ამ პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე, როგორც ამ სტრატეგიის განხილვისას პროცესის დამკვირვებლები.“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააკეთოს ამ დოკუმენტის შეფასება, რადგანაც პოლიტიკის განმსაზღვრელი სწორედ პარლამენტია. „შეფასებისათვის, პარლამენტმა უნდა შეისწავლოს ამ დოკუმენტის შინაარსი  და  შემუშავდეს რეკომენდაციები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საიმედო წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ მივალთ ამ რეფორმის ფინიშის ხაზამდე“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს ასევე, გააცნო საკუთარი  ინიციატივა საქართველოში ,,თვითმმართველობის აკადემიის“ დაარსების თაობაზე.

„აკადემიის მიზანი უნდა იყოს სახელმწიფო მართვის თანამედროვე მენეჯერების და ადგილობრივი მმართველობის მოხელეთა მომზადება ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე ორიენტირებული სისტემის დანერგვით. ,,თვითმმართველობის აკადემიამ“ უნდა უზრუნველყოს ეფექტური ადგილობრივი ლიდერების განვითარება, თანამდებობის პირთა, საჯარო მოხელეთა და ახალგაზრდების  განათლების დონის ამაღლება, თანამშრომლობის და პარტნიორობის განვითარება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ,,თვითმმართველობის აკადემიის“ ამოცანაა- თანამედროვე ადგილობრივი მმართველობის გამოწვევების ინოვაციური მიდგომების შემუშავება. აკადემიაში მოხდება პროფესიონალთა ხელშეწყობა შემდეგი მიმართულებებით:  სერვისების მიწოდება და მომსახურების  გაუმჯობესება;  ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარება; კანონის უზენაესობის ხელის შეწყობა  რაც ასევე მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა საქართველოში ,,თვითმმართველობის აკადემიის“ დაარსების თაობაზე ინიციატივა მოიწონეს. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას.