აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობას შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 13:24
აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობას შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარიან ივანუშასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის საქართველოში საქმიანობის პერიოდში განხორციელებული აქტივობები მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერად შეაფასეს. აკაკი ზოიძემ საქართველოს ოფისი ხელმძღვანელს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სამადლობელი წერილი გადასცა და გაწეული საქმიანობისთვის, კომიტეტის სახელით, მადლობა გადაუხადა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენი კომიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმების კუთხით. წლების განმავლობაში ორგანიზაცია ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას. მარიან ივანუშამ მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ჯერ შემუშავებაში, შემდეგ მის მიღებასა და აღსრულების მიმართ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი ექსპერტები ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა რეფორმებში აქტიურად მონაწილეობენ, ეს შეეხება როგორც დაფინანსების ნაწილს, ასევე ელექტრონული რეცეპტურას და წამლის ხარისხს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ოფისის მომავალი ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე დაესწრო, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეს გაეცნო.