მამუკა ბახტაძე - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას ცოტა ვადროვოთ და თუ ანალიზი აჩვენებს, რომ ციფრები საჭიროებს დაკორექტირებას, პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ
ამობეჭდვა · 20 / 03 / 2019 22:48
მამუკა ბახტაძე - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას ცოტა ვადროვოთ და თუ ანალიზი აჩვენებს, რომ ციფრები საჭიროებს დაკორექტირებას, პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებიდან ვფიქრობ, არ გასულა საკმარისი დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შედეგების დეეტალურ ანალიზს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ისევე, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და ანალიტიკოსების დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ციფრების დაკორექტირების საჭიროებას აჩვენებს, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

“საქართველოში არსებული დაკრედიტების სისტემა იყო სრულიად უპასუხისმგებლო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, სამართლიანი დაკრედიტების სისტემა და გამოვიყენეთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება, რათა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქის, ისევე, როგორც კრედიტორის ინტერესი ბოლომდე დაცულია. ამავე დროს, ჩვენ, ფონდ “ქართუსთან” ერთად, “შავ სიაში” მყოფი ჩვენი 600 ათასი მოქალაქე გავათავისუფლეთ უმძიმესი ტვირთისგან. რაც შეეხება იმას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ ქართულ ეკონომიკაზე, ბუნებრივია, სამომხმარებლო ნაწილში დაკრედიტების მოცულობა შემცირდება და ეს ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია აუცილებელია, რათა დაზღვეული ვიყოთ, რომ სისტემა არ გასცემს ე.წ ტოქსიკურ და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირულ სესხებს. დაკრედიტების არსებული სისტემა ძალიან მძიმე რისკებს ქმნიდა ეროვნული ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი განხორციელებული რეფორმებისთვის, რომელთა ნაწილია სწორედ პსუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა”, - განაცხადა პრემიერმა.

ტეგები