გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ახალი პრაქტიკის გამოყენება დაიწყო
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2019 11:54
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ახალი პრაქტიკის გამოყენება დაიწყო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დაიწყო ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ახალი პრაქტიკის გამოყენება. შესწავლილი და გაანალიზებული იქნება ნორმატიული აქტების ეფექტიანობა, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და განხილული იქნება მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ შერჩეულ იქნა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ის მუხლები, სადაც 2016-2018 წლებში განხორციელდა რამდენიმე ცვლილება, რომელიც ეხება ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადასახადისგან გათავისუფლებას. ცვლილებების მიზანი იყო ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირება.

ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის მექანიზმი იძლევა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესაძლებლობას კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობაში.

დამატებითი ინფორმაცია და ტექნიკური მოთხოვნები (TOR) განთავსდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ვებგვერდზე. დასაბუთებული მოსაზრების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება როგორც წერილობით (მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. 8), ისე კომიტეტის ელექტრონულ მისამართზე (garemo@parliament.ge) 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით.

კომიტეტი შეისწავლის მიღებულ დოკუმენტებს, გამართავს შეხვედრებს დაინტერესებულ პირებთან და გამოავლენს იმ სუბიექტებს, რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან მომხსენებლის სტატუსით ზეპირი მოსმენისთვის. ზეპირი მოსმენა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ბოლო ეტაპზე მომზადდება შემაჯამებელი ანგარიში, სადაც აისახება დასკვნები და რეკომენდაციები. ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს სხდომაზე განსახილველად, ხოლო კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს და გამოქვეყნდება საჯაროდ.

პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.

ტეგები