პარლამენტის ბიუროს სხდომა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2019 14:38
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა მედია საშუალების ყველა წარმომადგენელს, ყველა ჟურნალისტს და წარმატება უსურვა მათ თავიანთ საქმიანობაში.



21 მარტი ასევე არის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე. საქართველოს პარლამენტი ამ დღის აღსანიშნავად უკვე ტრადიციულად უერთდება „ჭრელი წინდების“ კამპანიას და მხარს უჭერს დაუნის სინდრომის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.



პარლამენტის ბიუროს წევრებმა სოლიდარობის ნიშნად ხელებზე მოირგეს ფერადი წინდები და საქართველოს მოსახლეობას დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიულოცეს.



„დღეს არსი „მზის შვილთა“ დღე - დაუნის სინდრომის ბავშვთა დღე და მსურს ყველამ ერთად გავიზიაროთ ის ლოზუნგი, რაც დღეს მთელ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.



ბიუროზე 21-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. ზვიად ძიძიგურის განმარტებით, სასესიო კვირის არსებული დღის წესრიგის განსახილველ საკითხებს დაემატა ერთი ახალი საკითხი - კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მეორე მოსმენით.



ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.



ამის შემდეგ ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლეს.

ტეგები