ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და ინტერპელაციის პროცედურა არის ამის შემადგენელი ნაწილი
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 17:02
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და ინტერპელაციის პროცედურა არის ამის შემადგენელი ნაწილი

„დღეიდან ვნერგავთ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელიც ასახულია ახალ კონსტიტუციაში და ახალ რეგლამენტში -ეს არის ინტერპელაცია, რომელიც მისცემს პარლამენტს იმის საშუალებას, რომ დაუსვას შეკითხვები პრემიერმინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს ამაზე პასუხები“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დღეიდან ამოქმედდა და აღნიშნული წესით, პლენარულ სხდომაზე, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს.

მისი თქმით, 12 წლის განმავლობაში, მსგავსი პროცედურა სულ რვაჯერ იქნა გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინტერპელაციის წესი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციის სათანადოდ განხორციელების შემადგენელი ნაწილია.

„დღეიდან ვნერგავთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელიც არის ასახული ახალ კონსტიტუციაში და ახალ რეგლამენტში -ეს არის ინტერპელაცია, რომელიც მისცემს პარლამენტს იმის საშუალებას, რომ დაუსვას შეკითხვები პრემიერმინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს ამაზე პასუხები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია. გასული წლების განმავლობაში, მე სხდომაზეც აღვნიშნე, 12 წლის განმავლობაში, ამდაგვარი პროცედურა შედგა საქართველოს პარლამენტში სულ რვაჯერ 12 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ რეკორდს მოვხსნით მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ეს სტატისტიკა და ასევე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შინაარსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და ეს პროცედურაც არის ამის შემადგენელი ნაწილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა ცვლილებების განხორციელება რეგლამენტში აღნიშნული პროცედურის დასახვეწად, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ყველა რეგულაცია სწორად არის დადგენილი. თუმცა, კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძე მსჯელობისთვის მზადყოფნას ადასტურებს.

„ჩვენ მზად ვართ ყველაფერზე მსჯელობისთვის. ზოგადად, რეგლამენტი არის აგებული იმ პრინციპებზე, რასაც ჰქვია საზედამხედველო ფუნქციების სწორად განხორციელება პარლამენტის მიერ. შესაბამისად, სწორად არის ყველა რეგულაცია დადგენილი მოქმედი რეგლამენტით. ბევრი სიახლეა, რაც აძლევს პარლამენტს იმის საშუალებას, რომ სათანადოდ, უკეთ განახორციელოს საზედამხედველო, ასევე, კანონშემოქმედებითი ფუნქციები. თუ რაიმეს კორექტირებაზე იქნება საუბარი, ჩვენ, ბუნებრივია, მზად ვართ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ტეგები