ირაკლი კობახიძე: რამდენიმე ორგანიზაცია არის, რეალურად, არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული ორგანიზაცია
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 17:27
ირაკლი კობახიძე: რამდენიმე ორგანიზაცია არის, რეალურად, არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული ორგანიზაცია

“ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოებია და ისინი დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტები არიან.

“ეს არის ყოფილი გონგოები, „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოები, რომლებიც, მას შემდეგ, რაც წააგეს მათ არჩევნები, გადავიდნენ ოპოზიციაში და დღეს გადაიქცნენ გონგოებად და შესაბამისად, ისინი არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დღევანდელ დღეს. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში. რატომ მოხდა მათი ლუსტრაცია მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს არ ვიცი. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობამ" ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ის არჩევნები იყო, სადაც მათ შეეძლოთ მოგება. ამიტომ ყველა რესურსის ლუსტრირება მოხდა, თუმცა ხედავთ, რომ "ნაცმოძრაობას გამარჯვება ამანაც არ მოუტანა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია კონკრეტულ ორგანიზაციებზე. მისივე თქმით, უმჯობესია, მსგავსი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საგნობრივად ისაუბროს.

„ნაცვლად ასეთი განცხადებებისა რაც მოვისმინეთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საუბარი კონკრეტულ ორგანიზაციებზეა, ბუნებრივია, ყველა ორგანიზაციას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ. ნაცვლად ასეთი განცხადებებისა, ბუნებრივია, უმჯობესია, მათ საგნობრივად ისაუბრონ და მაგალითად, გაიმართლონ თავი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაეფარნენ ნიკა გვარამიას ბოლშევიკურ განცხადებას. ამაზე პასუხი დღემდე არავის მოგვისმენია. ნიკა გვარამიას ბოლშევიკური განცხადება ჰქონდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ბოლშევიკური განცხადება და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას გადაეფარნენ. უფრო მეტიც, დაიწყეს მისი გამართლება საარჩევნო პერიოდში, როცა მათი ფუნქცია არის სწორედ ასეთ განცხადებებზე რეაგირება. საგნობრივი პასუხი დღეს ამაზე არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ორგანიზაცია არის რეალურად არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ არის ყოფილი გონგო, დღევანდელი ოპოგონგო. ანუ, არის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული და ასოცირებული ორგანიზაცია. ეს ეხება მხოლოდ რამდენიმე გაერთიანებას“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 

ტეგები