ირაკლი კობახიძე: ის კატეგორიები, სადაც დანაშაულის სტატისტიკა იზრდება, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და სათანადო ცვლილებები სჭირდება
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2019 18:06
ირაკლი კობახიძე: ის კატეგორიები, სადაც დანაშაულის სტატისტიკა იზრდება, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და სათანადო ცვლილებები სჭირდება

„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც იზრდება დანაშაულის სტატისტიკა. ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო მუშაობა და ცვლილებები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტში დღეს, ინტერპელაციის წესით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს, რომელმაც ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა.

“ჩვენ მოვისმინეთ დღეს ინფორმაცია პრემიერ მინისტრისგან და მას ახლდა შინაგან საქმეთა მინისტრი. არის გარკვეული კატეგორიები დანაშაულების, სადაც არის მზარდი სტატისტიკა. არის კატეგორიები, სადაც არის შემცირებული. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც იზრდება სტატისტიკა და ეს საჭიროებს, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი მხრიდან და ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო მუშაობა. ამას სჭირდება ცვლილებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში იცით, რომ გიორგი გახარია ამ ცვლილებებს ახორციელებს დღიდან მისი დანიშვნისა და ეს საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს, რა თქმა უნდა, აუცილებლად სტატისტიკაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამკაცრება, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს მსჯელობისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

„ამაზე მსჯელობა არის, ზოგადად, საჭირო. რა მოხდება, კონკრეტულად როგორ შეიცვლება კანონმდებლობა, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსჯელო საკითხი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები