მადამ ტიუსოს მუზეუმებიდან მაიკლ ჯექსონის ფიგურების აღებას არ აპირებენ
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2019 17:01
მადამ ტიუსოს მუზეუმებიდან მაიკლ ჯექსონის ფიგურების აღებას არ აპირებენ

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის სავარაუდო პედოფილიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland გამოსვლის შემდეგ, მადამ ტიუსოს მუზეუმებიდან მომღერლის ცვილის ფიგურების აღებას არ აპირებენ.

"ჩვენს ქსელში იმ ადამიანების ფიგურებია წარმოდგენილი, რომლებმაც პოპკულტურაზე გავლენა იქონიეს და რომელთა ნახვასაც ვიზიტორები ელიან. მაიკლ ჯექსონი იყო და დარჩება მადამ ტიუსოს მუზეუმებში. პერიოდულად ვაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ვითვალისწინებთ სტუმრების შეფასებებს", - ნათქვამია დაწესებულების განცხადებაში.

მაიკლ ჯექსონი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრობასაც შეინარჩუნებს. მომღერალი ამ პრესტიჟული სტატუსის მფლობელი ორჯერ გახდა. ის დარბაზში როგორც სოლო, ასევე, ჯგუფ The Jackson 5-ში მოღვაწეობისთვის შეიყვანეს.

"მუსიკა მუსიკაა, პირადი ცხოვრება კი პირადი ცხოვრება. ჩვენ ჯექსონი ავირჩიეთ, როგორც მუსიკალური ფენომენი და არტისტი, რომელმაც შეცვალა ისტორია", - აღნიშნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წარმომადგენელმა.


შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს Leaving Neverland არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. რეჟისორ დენ რიდის ნამუშევარი ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. ფილმის პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან "სიმფსონები" მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი ამოიღეს. ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად გახსნილ ვარსკვლავს პოლიცია გაძლიერებულად იცავს. ფრანგულმა მოდის სახლმა, "ლუი ვიტონმა" კი მამაკაცების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან მომღერლის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო.

 

popmusic.ge

ტეგები