ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 2-წლიანი იძულებითი მკურნალობა მიესაჯა
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 12:42
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 2-წლიანი იძულებითი მკურნალობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა და საქმე დახურა. მოსამართლე მადონა მაისურაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაითვალისწინა და ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ვალერი ირემაძე მკურნალობას ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაივლის.

მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაითხოვეს. პირველი არხის სიუჟეტში ვალერი ირემაძის მშობლები პოლიციელებს მკვლელობის დღეს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მოკლული ბავშვის ბებიის თქმით, პოლიციის თანამშრომლებს სახლის ხუთი ფანჯრიდან ერთი მაინც რომ ჩაემტვრიათ და სახლში შესულიყვნენ, ბავშვის გადარჩენას შეძლებდნენ.

13 წლის ბიჭი რუსთავში, მე-8 მიკრო-რაიონში 10 თებერვალს, დილით მოკლეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. მოკლულის ბიძა შემთხვევის ადგილზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დააკავეს.

დაკავებულის მეგობრები ამბობდნენ, რომ მკვლელობის წინა დღეს ბრალდებული არაადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში წაიყვანეს. მეგობრების მტკიცებით, ფსიქიატრიულ კლინიკაში მამაკაცის დატოვებაზე უარი უთხრეს ადგილების არქონის მიზეზით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში კი წინასწარ 3 000 ლარის გადახდა მოითხოვეს.

წყარო: reginfo.ge

ტეგები