ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 14:36
ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

დღევანდელი მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, – ამის შესახებ პირველ არხს შეფასებისა და გამოცდების ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი ელექტრონული განაცხადი 1700 -ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 2019 გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და ეს პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. რეგისტრაციისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა სპეციალური კალენდარი, რომლის საშუალებით აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებისა და გამოცდებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. კალენდრები სკოლებსა და რესურსცენტრებს ურიგდებათ.

ტეგები