ირაკლი კობახიძე: რეგლამენტის ამოქმედებიდან ასი დღე დასტურია იმისა, თუ რამდენად წარმატებულია რეგლამენტის რეფორმა
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 15:51
ირაკლი კობახიძე: რეგლამენტის ამოქმედებიდან ასი დღე დასტურია იმისა, თუ რამდენად წარმატებულია რეგლამენტის რეფორმა

„გვსურს, რომ პარლამენტმა დაიკავოს მოწინავე ადგილი დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის. ამის მთავარი წინაპირობა არის პარლამენტის გამართული, ეფექტიანი ფუნქციონირება და ახალი რეგლამენტი ამის შესანიშნავ საკანონმდებლო საფუძველს ქმნის“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციაზე - „100 დღე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ამოქმედებიდან“ , სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის ამოქმედებიდან გასული 100 დღე შეაჯამა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას. „ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიის არსებობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პარლამენტის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, ინსტიტუციური განვითარებისკენ და ამ პროცესში, თითოეული ჩვენი პარტნიორის, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თვისებრივად გაძლიერება იყო ის ამბიციური ამოცანა, რომელიც მმართველმა გუნდმა 2016 წლიდან დაისახა. მისივე თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად დასახულ იქნა კონკრეტული გეგმა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო საკონსტიტუციო რეფორმა. „სწორედ რეგლამენტში უნდა ასახულიყო და დაკონკრეტებულიყო ის სიახლეები, რომელიც ზოგადი სახით, კონსტიტუციის დონეზე იქნა წარმოდგენილი“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არსებობდა სირთულეები პარლამენტის ორი ძირითადი ფუნქციის - საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ 100 დღეა გასული, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე არის ხელშესახები შედეგები.

„2016 წელს საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და ჩვენი ამბიციური მიზანი გახლდათ, მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტის გადაბარება. ვფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივიწევთ წინ ამ მიზნის განხორციელებისკენ. ჯერ მხოლოდ 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, თუმცა, ამ 100 დღის განმავლობაში გვაქვს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები და ეს შედეგები არის თვალსაჩინო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და ვფიქრობთ, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის. მე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა, გვქონდა ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება გასული 10 დღის განმავლობაში და ეს არის, რა თქმა უნდა, იმ საკანონმდებლო ცვლილების და პირველ რიგში, რეგლამენტის ცვლილების შედეგი, რომელიც განხორციელდა გასულ წელს საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ახალ ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რასაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, თუ რამდენად არის გააქტიურებული ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარლამენტსა და მინისტრებს შორის გამართული საინტერესო დისკუსიები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარ საზედამხედველო ფუნქციებს აუმჯობესებს.

„დაინერგა ახალი ინსტრუმენტები, რომელიც ხელს უწყობს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში. ყველა ერთად ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო ზედამხედველობასთან. ინერგება ახალი ინსტრუმენტები: მინისტრის საათი, ინტერპელაცია და ვხედავთ, რომ სტატისტიკაც კი ადასტურებს იმას, თუ რამდენად გააქტიურებულია საქართველოში საპარლამენტო ცხოვრება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახალი რეგლამენტი პარლამენტს აიძულებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მეტი დრო დაუთმოს კანონპროექტების განხილვას, რაც, სათანადოდ აისახება თავად კანონშემოქმედების ხარისხზე“.

ირაკლი კობახიძის თქმით, რეგლამენტის საფუძველზე დაინერგა ახალი ტრადიცია - პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში და ყოველწლიური გეგმის წარდგენა, ასევე, ახალი ფორმატით შედგა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.

ირაკლი კობახიძემ რეგლამენტით გათვალისწინებულ ერთერთ მნიშვნელოვან სიახლედ პარლამენტის თბილისში გადმოტანა დაასახელა და განაცხადა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში ფუნქციონირება მნიშვნელოვანია პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერისთვის.

„რეგლამენტმა უზრუნველყო პარლამენტის თბილისში გადმოტანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.

ტეგები