ვილნიუსის სკვერში წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 16:11
ვილნიუსის სკვერში წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მთაწმინდის გამგეობამ, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერში მისი სრული რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე, სკვერში არსებული, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვისი“ ახორციელებს. მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოში ლიეტუვის ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან და პროექტის ავტორთან, არქიტექტორ რიტის ციკანავიჩიუსთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ პროექტს, რომელიც თბილისს ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა, მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს. პროექტის ღირებულება 960 ათასი ლარია.

ვილნიუსის სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. სკვერში მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, სადაც ვილნიუსის ანგელოზის ქანდაკება დაიდგმება. ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ზონების მოწყობას - დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის. ვილნიუსის სკვერის სრული რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდება.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

ტეგები