რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტს თანმდევ საკითხებთან ერთად მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2019 16:57
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტს თანმდევ საკითხებთან ერთად მხარი დაუჭირა

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარადგინა.

„რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა არ იყო თანმიმდევრული და ერთიანი, რამაც დარგში გარკვეული სირთულეები გამოიწვია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლის მეურნეობა გახლდათ განსაკუთრებული მიმართულება, რომელსაც სახელმწიფო ხელს უწყობდა ძალიან ბევრი პროგრამით. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას ძალიან ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი“, - აღნიშნა მომხსენებელმა საკითხის წარდგენისას. მისი განმარტებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მოქალაქეებს მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცემოდათ. „1992 წლის რეფორმას მოჰყვა სასოფლო-სამეურნეო მიწების განსახელმწიფოებრიობა თუმცა, თავიდანვე ვერ ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების დაცვის მკაფიო მექანიზმები, რამაც ვერ შეიტანა სტიმული დარგის განვითარებაში. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე შეზღუდვა მიჩნეული იქნა არაკონსტიტუციურად და ეს საკითხი, რომელიც ყველა სახელმწიფოში განსაკუთრებული რეგულაციის ქვეშ ექცევა, საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური მოწესრიგების მიღმა დარჩა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. მისი განმარტებით, 2017 წელს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამდე მორატორიუმი გამოცხადდა. „კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-19 მუხლში ცალკე პუნქტი დაეთმო სასოფლო-სამეურნეო მიწას და მას განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა, რასაც უკავშირდება საკუთრების საკითხის გადაწყვეტა. ახალი კონსტიტუციის ამოქმედებით, ძალაში შევიდა მე-19 მუხლის დანაწესი შესაბამისად, უცხოელთა საკუთრების საკითხი გადაწყდება მხოლოდ ორგანული კანონის მიღების შემდეგ. მნიშვნელოვანია, საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და მის შესაბამისად ასევე, შეიქმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა რომლითაც ნათლად იქნება განსაზღვრული მიწაზე საკუთრების უფლება და სასოფლო-სამეურნეო მართვის მდგრადი განვითარების ერთიანი პრინციპები“, - განაცხადა საკითხის ინიციატორმა. მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მცირემიწიან ქვეყანას წარმოადგენს.

„რესურსი არის ამოწურვადი, რომელიც ყოველწლიურად მცირდება ადამიანის ზემოქმედების თუ ბუნებრივი კლიმატური გარემოს ცვლილებების შედეგად. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია რაციონალური გამოყენების პრინციპები დანერგოს ქვეყანაში და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა წვდომა აღნიშნულ რესურსზე“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ საკითხის დარეგულირებისთვის სახელმწიფოს მმართველი ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს. „ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც იქნება სამინისტროს ბაზაზე, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო მიწა სწორ მართვას საჭიროებს და მხოლოდ საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით და არსებული პროცედურებით, მისი მართვა არის შეუძლებელი. მნიშვნელოვანია, სათანადოდ უფლებამოსილი უწყების მიერ მოხდეს მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვა, მიწის ბალანსის წარმოება დანიშნულებისა და კატეგორიების შესაბამისად სადაც, წლების განმავლობაში დაგროვილია პრობლემები მათ შორის, კატეგორიებთან დაკავშირებით რომელიც არსებული მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ფიზიკურად ვერ წყდება“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლებლობას იძლევა, მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ჰქონდეს ინფორმაცია მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლებასთან დაკავშირებით, ურბანული მშენებლობის გზებისა და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებისა და სამაგიერო მიწის ჩანაცვლების თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებით, კონსტიტუციური ნორმით დადგინდა საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აქვე აღინიშნა, ხოლო გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, რითაც ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„პროექტის მთავარი მიზანი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების საკითხის გადაწყვეტა საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კანონით დადგენილი შეზღუდვები გრძელდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე. მომხსენებლის განმარტებით ასევე, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული კანონით არსებობს მთავრობის დისკრეციის შემოთავაზება.

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირი (რომლის დომინანტ პარტნიორს წარმოადგენს უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მისაღებად, საინვესტიციო გეგმას წარადგენს.

„საინვესტიციო გეგმა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განვითარების ამსახველი დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული პირი იღებს ვალდებულებას განახორციელოს სათანადო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მათ შორის, ბიოაგროწარმოების თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების და ტექნოლოგიების დანერგვის, სასოფლო სამეურნეო დანიშნულებასთან დაკავშირებული კვლევებისა და სასელექციო მეურნეობების განვითარებისა და მოწყობის, ინოვაციური საქმიანობის დანერგვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, საერთაშორისო პროექტების მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ან სხვა პროექტების შესრულების მიზნით, რაც უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს 1 წლის ვადაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწა გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად, მხარი დაუჭირა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს თანმდევ საკითხებთან ერთად მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინა სხდომაზე განიხილეს თუმცა, კენჭისყრა არ გამართულა.

„მე ავიღე ერთი კვირა იმისთვის, რომ გვქონოდა კონსულტაციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი - ის რომ პრაქტიკულად ქრება თვითმმართველობის კოდექსიდან ტყე და ტყის რესურსი და მეორე ის, რომ პროექტში ჩანაწერის მიხედვით, არათანაბარ პირობებში დგება მუნიციპალიტეტები. თბილსს ისევე, როგორც აჭრის ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ფუნქცია შენარჩუნებული აქვს თუმცა, სხვა მუნიციპალიტეტებს ეს ფუნქცია ერთმევა. მინისტრს სრულად ესმის ჩვენი კომიტეტის მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რომ ჩვენ უწინარესად, კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სწორედ, მუნიციპალიტეტების განვითარების პრიზმაში უნდა დავინახოთ ნებისმიერი საკითხი. ვფიქრობ, ამ თემას ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, კონსულტაციების რეჟიმში კვლავ მივუბრუნდებით“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


 

ტეგები