გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი საქართველოში არსებულ თავშესაფრის მინიჭების პროცედურასა და საერთაშორისო დაცვის სისტემას პოზიტიურად აფასებს
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2019 10:03
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი საქართველოში არსებულ თავშესაფრის მინიჭების პროცედურასა და საერთაშორისო დაცვის სისტემას პოზიტიურად აფასებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ევროპის ოფისის დირექტორს პასკალ მოროს შეხვდა. შეხვედრას სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელიც დაესწრო.

მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს, მათ შორის თავშესაფრის მინიჭების პროცედურა, არსებული საუკეთესო პრაქტიკები და საქართველოს გამოცდილება ამ კონტექსტში.

2018 წელს განხორციელებული სამთავრობო რესტრუქტურიზაციის შედეგად, თავშესაფრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენციაში მოექცა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ევროპის ოფისის დირექტორმა პასკალ მორომ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე პოზიტიურად შეაფასა ის ტენდენცია, რომ საქართველო ავითარებს ამ სისტემას და შინაგან საქმეთა სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხების გადმოსვლის შემდეგ საუკეთესო პრაქტიკა შენარჩუნებულია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესო კომისრის ოფისს (გლუკს) სტრატეგიული პარტნიორობა ორ ათეულ წელზე მეტია აკავშირებთ. მათ შორისაა ლტოლვილთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები. გლუკი საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ოპერირებს და წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზეც აქვს. შესაბამისად, მათი წვლილი ჟენევის მოლაპარაკებების მშვიდობიან წარმართვაში მნიშვნელოვანია.