კახა კალაძე მზად არის ტაქსის მძღოლებს შეხვდეს
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2019 17:37
კახა კალაძე მზად არის ტაქსის მძღოლებს შეხვდეს

თბილისის მერის კახა კალაძე მერია მზად არის შეხვდეს ტაქსის მძღოლებს და რეფორმის ნებისმიერი პრობლემური საკითხი მათთან ერთად განიხილოს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ მისთვის მისაღები არ არის.

„ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და პირობას გაძლევთ, რომ იქნება მოწესრიგებული. ასევე მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომელიც გათვალისწინებულია ტაქსის მძღოლებისთვის. არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანო, რადგან ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანება და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის არ არის მისაღები. რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებს", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსების მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა ის ვალდებულებები და პრივილეგიები, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ. „როგორც იცით, არის ლიცენზიის ორი მიმართულება - A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ავტომობილის გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მათ არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტეგები