ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომისია შეიქმნა
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2019 15:51
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომისია შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

„საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას; განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა; საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი და ამავე დროს, ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსნოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები