ნინო გოგუაძე: „ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას“
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2019 17:08
ნინო გოგუაძე: „ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას“

სტრასბურგში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა გაიმართა. და ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლებების წამომადგენლებთან ერთად, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.

„ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ეს სხდომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორები საუბრობენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ბევრი მიმართულებით მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე ყოველდღიურ საფრთხეებზე. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან, ეს საკითხი მუდმივად იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასების საგანი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხები.

„ეს გამოწვევაა, როგორც საქართველოსთვის ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ვთანხმდებით, რომ ამ საკითხზე ეფექტიანი ეროვნული პოლიტიკის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში. ევროკავშირი გააგრძელებს და გააძლიერებს ამ საკითხებში საქართველოს მხარდაჭერას“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ 

ტეგები