ირაკლი კობახიძე: სერბეთისა და საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და გვწამს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფება ევროპისკენ მალე რეალობად იქცევა
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2019 18:51
ირაკლი კობახიძე: სერბეთისა და საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და გვწამს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფება ევროპისკენ მალე რეალობად იქცევა

„საქართველოსა და სერბეთს გაცილებით მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე საერთო ხედვა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებთან ან ევროკავშირის წევრობის საერთო მიზანთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა და სერბ კოლეგას, მაია გოიკოვიჩს გულთბილი მასპინძლობისთვის, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საერთო ღირებულებების მიმართ ერთგულებას და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს ეფუძნება.

„ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ეფუძნება ჩვენს მტკიცე ერთგულებას საერთო ღირებულებების - თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობიანი განვითარების მიმართ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს კავშირები ეფუძნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს.

გვწამს, რომ მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა ან მათით მანიპულირება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნები ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ. მისივე შეფასებით, არსებობს აუთვისებელი პოტენციალი მრავალი მიმართულებით.

„მრავალი მიმართულებით არსებობს უზარმაზარი და აუთვისებელი პოტენციალი და ამ აქტივობებით, ვიმედოვნებთ, რომ მეტად წავახალისებთ ხალხთაშორის და ბიზნესებს შორის კონტაქტებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოებებისა და მოქალაქეების კეთილდღეობა და განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ დამატებით სტიმულს იძლევა წარმატების მაგალითი ორმხრივ ურთიერთობებში.

მისი თქმით, ქვეყნები პროდუქტიულად თანამშრომლობენ საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და სერბეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი სტიმულია ტურიზმის სფეროში თანამშომლობისთვის.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ ეს დინამიზმი ჩვენს ურთიერთობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს გაცილებით მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე საერთო ხედვა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებთან ან ევროკავშირის წევრობის საერთო მიზანთან დაკავშირებით.

„ჩვენი საზოგადოებების ფესვები და ისტორია ღრმად არის ინტეგრირებული მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რელიგიასა და ტრადიციებში, ხოლო ჩვენი წინაპრების გმირობა და თავდადება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის - მუდამ გვემახსოვრება.

ამგვარი კულტურული და სულიერი მსგავსება, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული გეოგრაფიული მანძილისა, მყარ საფუძველს იძლევა მჭიდრო ურთიერთობებისა და ურთიერთგაგებისათვის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის. მოდით, გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც მივიღეთ და გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და შევიტანოთ საკუთარი წვლილი ჩვენს უკეთეს მომავალში.

სერბეთისა და საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და გვწამს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ, მალე რეალობად იქცევა“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.



 

ტეგები