აშშ-ში, ევროპასა და უკრაინაში წითელას ეპიდემიაა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2019 12:38
აშშ-ში, ევროპასა და უკრაინაში წითელას ეპიდემიაა

ნიუ-იორკის შტატში, წითელას ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

BBC-ის ცნობით 2018 წლის ოქტომბრიდან როკლენდში სადაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს წითელას 153 შემთხვევა დაფიქსირდა.

აშშ-ის მთავრობამ დააწესა ჯარიმა 500 დოლარი და 6 თვემდე პატიმრობა იმ პირებისათვის ვინც აცრას არ გაიკეთებს. ასევე წითელაზე აცრის გაკეთების გარეშე იკრძალება სკოლებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც დაავადების „აფეთქება“ მოხდა ვაშინგტონში, კალიფორნიაში, ტეხასში და ილინოისში.

წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ ევროპაში 2018 წელს ბოლო ათი წლის რეკორდი მოხსნა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს ევროპაში წითელასაგან 72 ადამიანი მოკვდა და 82 ათასი დაინფიცირდა. დაავადების შემთხვევები ევროპის 53 ქვეყნიდან 47-ში დაფიქსირდა. უმეტეს შემთხვევაში დაავადებულთა ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

BBC-ის ცნობით, ყველაზე მძიმე ვითარებაა უკრაინაში, სადაც 2018 წელს წითელას 53 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. 2019 წლის ორ თვეში კი წითელას ვირუსით 20 ათასი ადამიანი დავირუსდა. აქედან 9 ადამიანი გარდაიცვალა.

წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მაშინ როდესაც იანვარში მე-5 პოზიციას იკავებდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებში წერია.

საქართველოში 2018 წელს დაავადების 2203 შემთხვევა დაფიქსირდა (კოეფიციენტი 561.22).

წითელას მკურნალობის ერთ-ერთი საიმედო გზა აცრებია. ვაქცინაციის შემოღებამდე წითელასაგან მსოფლიოში 2,6 მილიონი ადამიანი კვდებოდა. ახლა სიკვდილიანობის წლიური ციფრი 90 ათასია. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იზრდება.
 

ტეგები