„პრემიერმინისტრი სკოლებში გალობის და ხალხური სიმღერის შეტანას დამპირდა“ - ილია მეორე
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2019 18:21
„პრემიერმინისტრი სკოლებში გალობის და ხალხური სიმღერის შეტანას დამპირდა“ - ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაცია ჩატარდა.

ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ანთოლოგია ,,ქართული გალობა” XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას ისახავს მიზნად.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ გამოცემა უდიდესი მნიშვნელობისაა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს ეძღვნება.

„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე ვთხოვე მას, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა“, - განაცხადა ილია მეორემ.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომელიც აღნიშნული საგანძურის შენარჩუნებას, დაცვას და ამავე დროს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას გულისხმობს“.

მრავალტომეული მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ფონდის ,,ქართული გალობის”, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, სვიმონ ჯანგულაშვილმა და ლევან ვეშაპიძემ მოამზადეს.

ტეგები