საბავშვო ბაღის მასწავლებელს აღსაზრდელის ცემაში ადანაშაულებენ
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2019 19:03
საბავშვო ბაღის მასწავლებელს აღსაზრდელის ცემაში ადანაშაულებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს აღსაზრდელის მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს. თ.გ „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს,რომ პედაგოგის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის:

„ხუთშაბათს დამიბარეს ბაღში და ავედი. იყო ყვირილი, ერთი ამბავი, ბავშვს თვალები გასიებული ჰქონდა, მასწავლებელი კი ყვიროდა, ექაჩებოდა ჩემს ბიჭს, მეუბნებოდა უზრდელია შენი შვილიო. მიყვიროდა, სადაც გინდა იქ წაიყვანე, გაკვეთილს არ მატარებინებს, კარს მიმტვრევს და ბავშვებს ტვინს ურევსო. მომიგდო გაგლეჯილი ყელსაბამი და მითხრა: როგორც გინდა ისე გააკეთე, შენმა შვილმა ჩამომაწყვიტა“- ამბობს მშობელი.

მისივე თქმით, მასწავლებელს თვითონაც შეეპასუხა, რაზეც, მისივე განმარტებით, მასწავლებელმა ირონიულად მიაძახა: „რისი გამკეთებელი ხართ შენ და დედაშენი [აღსაზრდელის ბებია]“.

თ.გ-მ პოლიციას იმ დღესვე მიმართა და შესაბამისი განცხადებაც შეიტანა. საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო:

„ახლა მიგზავნიან ვიღაცებს და მეუბნებიან, გამოიტანე საჩივარიო. არ გამოვიტან, ყელში ამომივიდა უკვე“ - აცხადებს ბავშვის დედა. ზედა ეწერის ბაღის დირექტორი ფატიმა ხუბუა ამბობს, რომ მშობელი აფექტურ მდგომარეობაში იყო და საჩივარიც ემოციურ ფონზე დაწერა. ის უარყოფს მასწავლებლის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ფაქტს:

„რას ამბობთ, არაფერი არ მომხდარა, ჩვენი ბაღის მასწავლებელი არის ეკლესიური, ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვაა ეს ყველაფერი, რა ძალადობაზეა საუბარი, უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში იყო დედა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახია და აღელვებულ გულზე დაწერა საჩივარი..ამაზე კომენტარს ორშაბათს, ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად გავაკეთებ“- განაცხადა ფატიმა ხუბუამ.

ბაღის დირექტორმა ასევე დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხა ზედა ეწერის პოლიციის განყოფილებაში თითქმის მთელი სოფელი:

“ავიყვანთ ადვოკატს, ასევე დაგვიცავს პროფკავშირები“,- განაცხადა ბაღის გამგემ „პრაიმტაიმთან“.

შსს-ს ცნობით, შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავე ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

წყარო: პრაიმტაიმი

 

ტეგები