ირაკლი კობახიძე: ზვიად გამსახურდია იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და პატრიოტი, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2019 13:40
ირაკლი კობახიძე: ზვიად გამსახურდია იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და პატრიოტი, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში

“ზვიად გამსახურდია იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, ის იყო ინიციატორი რეფერენდუმისა, რომელიც დღემდე ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან დაათვალიერა.

„აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ზვიად გამსახურდია იყო პატრიოტი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას მივაგოთ სათანადო პატივი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე, ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრთან, დეპუტატებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა - დროშა, გერბი და ჰიმნი აღადგინეს. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში, სამხედრო გაადატრიალების შედეგად, ქვეყნიდან განდევნეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.​

ტეგები