დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 10:22
დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

3-4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ნატოს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გასამართი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზალკალიანი ნატოს წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 3 აპრილს, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years“, სადაც სიტყვით გამოვა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატოს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“.

ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-ს კონგრესში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელ გერი კონოლთან.

ტეგები