დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 13:39
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 36 წელი შეუსრულდებოდა.

მისი დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტი ხურვალეთში იგეგმებოდა, თუმცა როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა, ლუდა სალიამ აცნობა, ღონისძიება გადაიდო.

„დაგეგმილი გვქონდა დავით ევგენიძის კონცერტი, ასევე ეკლესიის ეზოში უნდა დაგვერგო მარადმწვანე ხეები კიპარები და გაგვეშენებინა ტატუნაშვილის სახელობის ხეივანი, თუმცა სოფელში ადგილობრივი მოსახლოების გარდა არავის უშვებენ, ჩვენს ამ ქმედებას კი სახელმწიფო უწყებები პროვოკაციად ჩაგვითვლიდნენ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გმირის დაბადების დღის ღონისძიებები გადაგვედო“ - აცხადებს ლუდა სალია.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მალევე გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ტატუნაშვილი წამებით მოკლა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას.


წყარო: პრაიმტაიმი

ტეგები