მარნეულის მერიამ თემურ აბაზოვს განაცდური ხელფასის, 32 ათასი ლარის ანაზღაურებაზე უარი უთხრა
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 17:13
მარნეულის მერიამ თემურ აბაზოვს განაცდური ხელფასის, 32 ათასი ლარის ანაზღაურებაზე უარი უთხრა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს განაცდური ხელფასის 32 ათასი ლარის ანაზღაურების მიღებაზე, მერიამ უარი უთხრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, თემურ აბაზოვმა განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის განცხადებით, საკრებულოს მიმართა.

მერიამ აღნიშნული საკითხი განიხილა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო, არ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა.

მერიის წერილი გადაიგზავნა საკრებულოში, საკრებულო თავის ნაწილში იმსჯელებს და თემურ აბაზოვს საბოლოო პასუხს აცნობებს.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი დარწმუნებული იყო, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მას 8 თვის განაცდურ ხელფასს აუნაზღაურებდა.

თემურ აბაზოვი „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებდა, რომ განაცდური ხელფასი კანონიერად ეკუთვნის და საკრებულოს ამიტომ მიმართა.

თემურ აბაზოვი იქვე აცხადებდა, რომ ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და განაცდური ხელფასი ამიტომ მოითხოვა.

რუსთავის სასამართლომ, 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მარნეულის საკრებულომ, თემურ აბაზოვს, მისივე განცხადების საფუძველზე, 12 თებერვალს მერის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს დააკავა. მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად.

ტეგები