„ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა“ - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2019 21:08
„ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა“ - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

როგორც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოკითხვა გაგრძელდება.

„ძალიან დეტალურად მიმდინარეობდა გამოკითხვა და ჯერ არ დასრულებულა. როდის გაგრძელდება, ვერ გეტყვით. დეტალებს ვერ გავახმოვანებ“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა მისი მიზანი, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გასამართლდეს.

„ეს ჩემი მიზანი არ არის. დოკუმენტი – სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უბრალოდ, ერთ-ერთ საქმეში იყო ჩადებული და სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა“, – განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, რადგან მაშინ ასეთი ვალდებულება უწყებას არ ჰქონია. „2014 წლის 14 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელმაც საკუთარ თავზე დანიშნა ამბულატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანებისა და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს“, – აცხადებენ ექსპერტიზის ბიუროში.

ტეგები