საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 11:52
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG Development Georgia ახორციელებს. საქართველოს ბანკის მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანადაფინანსების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს ბანკსა და IG Development Georgia-ს შორის ხელი
უკვე მოეწერა.

„საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინდარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. გვჯერა, რომ IG Development Georgia-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით პროექტი საკმაოდ წარმატებული
იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოხარულია, რომ ხელს აწერს ერთობლივ პროექტს დიდი ხნის პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან. ეს არის მეორე თანადაფინანსების პროექტი აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან, უძრავი ქონების მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერთან ქვეყანაში. 2015 წელს ხელმოწერილი პირველი პროექტის წარმატებულად შესრულების შემდეგ, EBRD-იმ გადაწყვიტა, განაგრძოს აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას დაფინანსება საქართველოს ბანკთან ერთად და ხელი შეუწყოს კიდევ ერთი ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებას უძრავი ქონების სექტორში“, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა,

EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში. ახალი სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“ 120 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო სივრცე იქნება ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე
ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე. „სითი მოლი საბურთალოს“ ჯამური საიჯარო ფართი 60 000 კვადრატული მეტრია. სავაჭრო ცენტრში სივრცე გაშლილი და გადანაწილებულია ჰორიზონტალურად ოთხ სართულზე, რომელშიც განთავსდება ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების 200-მდე მაღაზია. „სითი მოლი საბურთალოს“
სივრცეში მოეწყობა ყველაზე დიდი კინოთეატრი თბილისში, ბოულინგის ცენტრი, მასშტაბური ბავშვთა გასართობი ცენტრი, რესტორანი, სპორტული დარბაზი. ეს იქნება ერთადერთი სავაჭრო ცენტრი ქალაქში, სადაც მომხმარებლებისთვის მოეწყობა ეგრეთ წოდებული „upscale“ კუთხე - განსხვავებული, გამორჩეული დიზაინით, პრემიალური ბრენდების მაღაზიებით და 1500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომით.

ტეგები