პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა ქართველ გამომგონებლებს უმასპინძლა
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 13:21
პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა ქართველ გამომგონებლებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ის კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.

მთავრობის მეთაურმა მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის წინსვლის საქმეში.

პრემიერი გამარჯვებული პროექტის ავტორებს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ ესაუბრა, რომლის მიზანია, სხვადასხვა საფეხურზე განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

„ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ინოვაციური იდეების კონკურსებში იმარჯვებენ. საქართველოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ტალანტი და თქვენი წარმატება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს.

მამუკა ბახტაძემ ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მნიშვნელობა, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება, ზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს უწყობს ახალ მიღწევებს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

NASA-ში პროექტის „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ შემქმნელი გუნდის -„ობერტონის“ ხუთი მოსწავლე მიემგზავრება. სოფიო ჩიხლაძის (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია), მარიამ გამრეკელაშვილის, გიორგი რიგიშვილის, ალექსანდრე ქაჯაიას - (გიმნაზია„აია-GESS”) და იონა იობიძის (ქუთაისის სკოლა „პროგრესი“) მიერ შექმნილი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ ავტომატიზებულს ხდის კვლევისა და დაკვირვების პროცესს და ის მეცნიერებს დაეხმარება, ლაბორატორიული ექსპერიმენტებისას შეაფასონ ცხოველებში სივრცითი ხედვა და მეხსიერება. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ის კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლიდან ახორციელებს.

შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და მოსწავლეების მენტორი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.




 

ტეგები