ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტების საქმიანობისთვის ახალი გარანტიები და საფუძვლები კონსტიტუციის შემდეგ ორგანულ კანონშიც აისახება
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2019 14:45
ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტების საქმიანობისთვის ახალი გარანტიები და საფუძვლები კონსტიტუციის შემდეგ ორგანულ კანონშიც აისახება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პარლამენტს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შეტანის თაობაზე ცვლილებები წარუდგინა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მუნიციპალიტეტების საქმიანობისთვის ახალი გარანტიები და საფუძვლები კონსტიტუციის შემდეგ ორგანულ კანონშიც აისახება.

ზაზა გაბუნია - ‘’წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, რომლითაც კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ასპექტები რაც უკავშირდება ადგილობრივ თვითმმართველობებს, აისახება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“. ის მოიცავს როგორც ტექნიკურ ასევე შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებს“.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, სუბსიდიარობის პრინციპზე, რაც აისახა მის მიერ მომზადებულ პროექტში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. მისივე განმარტებით, სუბსიდიარობა გულისხმობს რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მმართველობის იმ დონეზე, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს არის მოქალაქეებთან , რათა მიღებული გადაწყვეტილებები ასახავდეს მოქალაქის ინტერესებს.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ამასთანავე, ტერმინოლოგიური სიახლეა ის, რომ თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაზე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.




 

ტეგები