ირაკლი კობახიძე: ჩვენ წლის ბოლომდე შევძლებთ OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებას - საარჩევნო კოდექსში, ასევე, ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ მასშტაბური ცვლილებები აისახება
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 14:17
ირაკლი კობახიძე: ჩვენ წლის ბოლომდე შევძლებთ OSCE/ODIHR-ის  რეკომენდაციების გათვალისწინებას - საარჩევნო კოდექსში, ასევე, ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ მასშტაბური ცვლილებები აისახება

„ჩვენ შევძლებთ წლის ბოლომდე ეუთო/ოდირის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუხადა.



ირაკლი კობახიძე დღეს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.



„ჩვენ საჯაროდ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ განვიხილოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან, პოლიტიკური პარტიების რეგულაციებთან და მზად ვართ, რომ შესაბამისი ცვლილებები წლის ბოლომდე ავსახოთ კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე, უკვე ახლავე დასაწყებია დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, დღევანდელი შეხვედრით უკვე დაიწყო შესაბამისი დისკუსიები და ჩვენ შევძლებთ წლის ბოლომდე რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომელიც არის წარმოდგენილი ეუთო/ოდირის ანგარიშში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ყველა რეკომენდაცია დეტალურად განიხილეს. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში მასშტაბური ცვლილებები აისახება.



„არის არაერთი თემა. ამ თემებთან დაკავშირებით, გვექნება დეტალური მსჯელობა და შესაბამისი, საკმაოდ მასშტაბური ცვლილებები აისახება როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე, ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტეგები