„მინდა მოსწავლეები დავამშვიდო, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო“ - მარიამ ჯაში
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 15:11
„მინდა მოსწავლეები დავამშვიდო, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო“ - მარიამ ჯაში

არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, კანონპროექტის ჩაგდება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია, რადგან სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემაა.


„აღნიშნულით ის მოცემულობა და გადაწყვეტილება არ იცვლება, რაც არის მიღებული. ორი მოსმენით, მაღალი ლეგიტიმაციით კანონპროექტს მხარდაჭერა ჰქონდა. მხარდაჭერის პრობლემა არ არის, არის ტექნიკური პრობლემა. რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა, რომ დარბაზში აკუსტიკასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზები არსებობს. ორი შესაძლებლობა გვაქვს – არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენოთ განმეორებით კენჭისყრაზე და ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე, ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პოლიტიკური გადაწყვეტილების პრობლემა არ გვაქვს, ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ვცდილობთ, გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი. როგორც კი ეროვნული ბანკის მოხსენება დასრულდება და თუ დროულად დასრულდება, შესაძლებლობა გვექნება, კენჭისყრის პროცედურას მივუბრუნდებით”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტი, რომელიც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობდა პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.

დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს კენჭი დღეს უყარეს, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი კვლავ ღილაკების არევა გახდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო რა კანონპროექტზე იყო საუბარი და საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა დამდგარიყო.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან იმ პირებს გაათავისუფლებდა, რომლებიც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.

 

ტეგები