ირაკლი კოვზანაძე - პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციების დამოუკიდებლობას და სხვის კომპეტენციაში არ უნდა შევიჭრათ
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2019 21:04
ირაკლი კოვზანაძე  - პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციების დამოუკიდებლობას და სხვის კომპეტენციაში არ უნდა შევიჭრათ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ძალიან ღიად და დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში „გახსნა და საჯაროდ გამოიტანა წმინდა პროფესიული, დახურული თემა“.

„სიმართლე გითხრათ, არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიო პრაქტიკაშიც ნაკლებად მახსენდება შემთხვევა, როცა რეგულატორს კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიებების თაობაზე ესაუბროს საპარლამენტო ტრიბუნიდან. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს პრაქტიკად არ უნდა ვაქციოთ; არ უნდა შევიჭრათ სხვის კომპეტენციაში და პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციების დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ,

მისი თქმით, ზოგადად, ფინანსური ბაზრისთვის აჟიოტაჟი და პოლიტიკური ინსინუაციები დამღუპველია. „ეს უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა თუ პოლიტიკური ინტერესებისა“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ტეგები