პრემიერმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია წარადგინა
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 14:44
პრემიერმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია წარადგინა

საქართვეოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია წარადგინა.


"თქვენი ულამაზესი ქალაქი და ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის, მაგალითის მიმცემი სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ერთგულების. ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იწყება ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი - ულამაზესი აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე როდესაც ჩვენი ერთსულოვნებით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპეტქივის წარმოჩინებით შევძლებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას. მე ამის მწამს თქვენთან ერთად.

როგორც შარშან დაგპირდით, წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მილიონი ლარი, ზუგდიდში შენდება ახალი, ოლიმპიური სტანდარტების აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცლებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში.

რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი სამშობლოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ეროვნული იდეა არის განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში. გპიპრდებით, სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლებას უკავშირდება.

ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს, გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენივე რჩევითა და რეკომენდაციით „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შევარჩიეთ გეგა შენგელია - ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი.

ჩვენ ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით.

პირველი - გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს?! დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს.

მეორე - გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი, რაც ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია.

მესამე და ყველაზე მთავარი - გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული ტქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისა და ერთგულებისთვის.

ღმერთმა დალოცოს ეს ულამაზესი კუთხე და საქართველო", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები