ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს რეგიონები - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 15:19
ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს რეგიონები - კახა კალაძე

ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს რეგიონები, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნმა, კახა კალაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე განაცხადა.

"ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად, სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, ნახევრად მეგრელი ვარ, რადგან დედა მეგრელი მყავს. ბატონმა პრემიერმა ბევრი ისაუბრა, რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეების განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, ჩვენი რეგიონები. წინსვლა გარდაუვალია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი ყველაფერი. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი და მნიშნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს რეგიონები, ქალაქები, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებში, საკუთარ თავზე და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით.

როგორც იცით, მოახლოვდა შუალედური არჩევნები და პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კანდიდატად წარადგინა ზუგდიდში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი გიორგი (გეგა) შენგელია, რომელიც უსაზღვროდაა შეყვარებული თავის ქალაქზე. მინდა, წარმატებები ვუსურვო გეგას, რომელიც უპატიოსნესი ადამიანია და ჰყავს ძალიან ლამაზი ოჯახი. როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა, მას ერთი რჩევა მივცე: პირველ რიგში, უნდა გაითვისწინოს ზუგდიდელების აზრი. ასე შეიძლება მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ზუგდიდს აწუხებს. მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე, წინსვლაზე ფიქრი, იმ პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს.

ყველაფერი შესაძლებელია ამ ერთსულოვნებით, როდესაც ზურგს გიმაგრებს ადამიანების უზარმაზარი არმია, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, რომელთან გული შესტკივა თავის ქალაქზე, თავის სოფელზე, უბანზე, რაიონზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას და გავაერთიანებთ სრულიად სამეგრელოს, მთელ ზუგდიდს, რათა მივაღწიოთ გამარჯვებას და ეს არ იქნება პარტია "ქართული ოცნების" ან გეგა შენგელიას გამარჯვება. ეს იქნება ამ რეგიონის და ქალაქის გამარჯვება. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, დავდგეთ ერთად და ვიზრუნოთ რეგიონზე, ზუგდიდზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ სულისკვეთებით აუცილებლად გავიმარჯვებთ",- აღნიშნა კახა კალაძემ.

ტეგები