ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა - ირაკლი ღარიბაშვილი
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 15:28
ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა - ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივნმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას წარდგენაზე განაცხადა.

"დღეს არის გაერთიანების დრო. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა , მაგრამ არცერთი დღე აღარ გვაქვს დასაკარგი. ჩემმა მეგობრებმა ისაუბრეს იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ასევე პრემიერმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ჩვენი მთავრობა განახორციელებს თქვენთან ერთად და თქვენი ჩართულობით. ჩვენ ვიცით, რომ პრობლემები ძალიან ბევრია ქვეყანაში. მე ასევე ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს ძვირფას მოსახლეობას აწუხებს.

შემდეგი, ეს არის ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს და მითუმეტეს მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზანი, მიზანი არის მთავარი, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. რა არის ჩვენი მიზანი? რა არის ჩვენი ქართული ოცნება? რა არის თითოეული ქართველის ოცნება? ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.

მე ასევე მინდა ვისაუბრო ჩვენს შემდეგ გამოწვევაზე, რომელზეც პრემიერს არა ერთხელ უსაუბრია, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე - აფხაზეთია. აქაც მინდა იგივე გავიმეორო, რომელიც უკვე ვახსენე, თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, ვართ ერთიანი, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ დადგა გაერთიანების დრო. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო,ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი.

შემდეგი პრობლემა, რაზეც მინდა გესაუბროთ, სამწუხაროდ, მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვითარება არის ისეთი, ისეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, რომ აუცილებელია ამაზე კონცენტრაცია და ანალიზი, ეს არის დესტრუქციული, არა კონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9 წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც, ჩვენ ვპირდებით თქვენთან ერთად, რომ არასოდეს დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია, ეს ისტორიები არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, საერთო მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს. ამიტომ , მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში.

ჩვენმა გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი, ღირსეული ზუგდიდელი, რომელიც არის წესიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი. მინდა წარმატება ვუსურვო მას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტეგები