მამუკა ბახტაძე - საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 20:46
მამუკა ბახტაძე - საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, "ჩანგანის" სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა "ვოლვო", "ფოლკსვაგენი" და ფორდი".

„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც - ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს - ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო. ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50 პროცენტი განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia - იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული საწარმოს შექმნაზე რამდენიმე ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს და საქართველოს ძლიერი კონკურენციის გადალახვა მოუხდა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც აღნიშნული პროექტის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილებაში წვლილი შეიტანა.

 

ტეგები