სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 21:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემის -"შაბათის კურიერი" - დღევანდელ ანონსთან დაკავშირებით იმ ფაქტობრივ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც, როგორც ეს უკვე ტრადიციად იქცა, ტელეკომპანიას არც გადაცემის მომზადებისას მოუკითხავს და არც ანონსის გავრცელებამდე გამოუთხოვია.

თუმცა, მოცემული ანონსი და ინფორმაცია, რომელიც მასთან ერთად გავრცელდა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ პენიტენციურ სისტემაში დაწყებული საკადრო და სტრუქტურული რეფორმა სწორია, მინისტრის მიერ 2019 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული და საქართველოს
პარლამენტში დაანონსებული ღია ტიპის დაწესებულებების (ე.წ. ზონების) დახურვის დროში გაწერილი გეგმა აუცილებლად განსახორციელებელია და დაწყებული ცვლილებები ბოლომდეა მისაყვანი.

რაც შეეხება ფაქტობრივ ინფორმაციას, რომელიც სიუჟეტის ავტორს, დაინტერესების შემთხვევაში, გამოადგებოდა:

1. პენიტენციურ სისტემაში აღმოჩენილი ნებისმიერი კანონდარღვევის ფაქტზე ხდება შესაბამისი და, თანაც, მკაცრი რეაგირება. ეს იწვევს შესაბამისი თანამშრომლების უკმაყოფილებას. ამის მაგალითია ის თანამშრომელიც, რომელიც დაფარული სახით
საუბრობს რუსთავი-2-ის სიუჟეტში, და რომელიც 2019 წლის თებერვალში ქსნის დაწესებულებიდან იქნა გათავისუფლებული რეორგანიზაციის შედეგად. მოცემული თანამშრომელი ასევე ცნობილი გახლდათ ალკოჰოლური სასმელის მოყვარულობით.
მას არ ჰქონდა თანამდებობის შესაბამისი პროფესიული განათლება/პრაქტიკა და, რაც მთავარია, ქსნის დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული (იხ. ქვევით, პუნქტი 3).

2. 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,

378' მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით).

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 05 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლებმა დააკავეს ქსნის N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ი.მ., რომელსაც 2019 წლის 06 თებერვალს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა); 19,378' მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის-ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით). 2019 წლის 07 თებერვალს, ი.მ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 13 თებერვალს, ბრალდება წარედგინა ქსნის N15 და N19 პენიტენციური დაწესებულებების 15
თანამშრომელს ე.წ. კბილების საქმეზე (2016-2017 წლებში მომხდარი ფაქტები). კერძოდ, ქსნის დაწესებულებების 70-ზე მეტმა თანამშრომელმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიისაგან უკანონო სარგებელი მიიღო, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება). კერძოდ, მოცემულმა თანამშრომლებმა, რომელთაგან არაერთი მრავალი წელია სისტემაში მუშაობს, თავიანთი და თავიანთი ოჯახის
წევრების სახელზე გააფორმეს ყალბი დოკუმენტები და იმ სტომატოლოგიურ ფირმასთან გარიგებით, რომელიც დაწესებულების თანამშრომლებს ემსახურებოდა, იცრუეს, რომ თითქოს დაუფინანსდათ კბილების მკურნალობა, რისი ხარჯებიც სადაზღვევო კომპანიამ მათ აუნაზღაურა. 2018 წელს არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება ჩატარდა. 2019 წელს, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო, თანამშრომლები განაწყენდნენ იმასთან
დაკავშირებით, რომ იუსტიციის სამინისტრო მათ "თანადგომას" და მათ დაცვას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ აპირებდა. 15 თანამშრომლის საქმე უკვე წარიმართა სასამართლოში, ერთ-ერთი მათგანი კი გახლავთ სწორედ ის თანამშრომელი, რომელიც რუსთავი-2-ის სიუჟეტში სახედაფარული საუბრობს. 30-ზე მეტი თანამშრომლის სისხლის სამართლის საქმეც მზადდება სასამართლოში წარსადგენად. დანარჩენებმა კი 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე სისტემა დატოვეს. მიუხედავად ამისა, მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში მაინც დგას.

4. 2019 წლის 1 იანვრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სისტემის იმ თანამშრომლების ორჯერად კვებას უფასოდ, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიანი მორიგეობა უწევთ ხოლმე. 2019 წლის 1 იანვრამდე,

თანამშრომელთა ამ კატეგორიას ან სახლიდან უწევდა საკვების ტარება ან საერთოდ არ იკვებებოდა, რადგან სამორიგეო პოსტს ვერ ტოვებდა, რათა დაწესებულების გარეთ საკვები შეეძინა. ასევე, იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაწესებულებებში მხოლოდ
სამუშაო საათებში მუშაობენ, როგორც ადრე, ისე ახლა აქვთ საშუალება, რომ დაწესებულებაში საკვები შეიტანონ ან დაწესებულების გარეთ გავიდნენ საკვების შესაძენად.

შესაბამისად, რუსთავი-2-ის ანონსით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საკვების დაწესებულებაში შეტანა თანამშრომლებს ეკრძალებათ, არის სიცრუე.

5. რაც შეეხება პატიმრებს შორის იერარქიასა და ე.წ. ზონებში არაფორმალური მმართველობის ელემენტებს, ასევე თამაშდამოკიდებული პატიმრების მონაწილეობას ტოტალიზატორში, რისთვისაც ისინი არა დირექტორის კაბინეტს, არამედ მათთვის კანონით განკუთვნილ ოფიციალურ სატელეფონო ზარებსა და საპატიმროს გარეთ მყოფი მეგობრების დახმარებასაც იყენებენ, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ე.წ. ზონების (ქსანი, რუსთავი, გეგუთი) პრობლემა არ გაჩენილა დღეს, ის ჩვენს ქვეყანაში არსებობდა ყველა წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას, ამჟამინდელისგან განსხვავებით, მათი დახურვის დროში გაწერილი გეგმა არ შეუმუშავებია. როგორც "მინისტრის საათის" დროს საქართველოს
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ამ ტიპის ღია დაწესებულებები უნდა გაუქმდეს. ამ მიზნის შესაბამისი სამოქმედო გეგმა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ იქნა 2019 წლის 22 თებერვალს და გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე.

6. და ბოლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენჯერაც არ უნდა მიმართონ ფარულად სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილმა ან განაწყენებულმა მოქმედმა თანამშრომლებმა რუსთავი-2-ს ზედაპირული სიუჟეტის
მომზადებაში დახმარების მიზნით, ეს ვერ შეაჩერებს ცვლილებებს, რომლებიც დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში, მათ შორის ე.წ. ზონებში სისტემის გაჯანსაღების მიზნით.

ტეგები