დედაქალაქის მერი aigroup-ის პრეზენტაციას დაესწრო
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2019 22:29
დედაქალაქის მერი aigroup-ის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ამიერკავკასიაში ეკომიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის, როგორც დედაქალაქის მერი, მოხარულია, რომ თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

"დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ, პრემიერთან ერთად, წარვადგინეთ მწვანე ქალაქის კონცეფცია, ასევე, ის მიმართულებები, რომლებიც დღეს გამოწვევებს წარმოადგენს, განსაკუთრებით ჩვენი ქალაქისთვის და ვისაუბრეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. ეს მიმართულება
ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, რომელიც უკვე დაწყებულია. წლის ბოლოსთვის ქალაქში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გვეყოლება, გვექნება განახლებული მეტროს ვაგონები.
ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ეს კონკრეტული პროექტი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ aigroup-თან ერთად, რათა ეს პროექტი განხორციელებულიყო. თბილისი არის ევროპული ქალაქი, რომელიც ყოველთვის იწვევს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების ინტერესს. დღეს უბედნიერესი ვარ, რომ ეს პროექტი ხორციელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ე.წ. "ქარშეარინგის" არსი კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, ელექტრომობილები განთავსებული იქნება თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე და მსურველს, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, საშუალება ექნება, ავტომანქანით ისარგებლოს, შემდეგ კი ნებისმიერ ადგილზე დატოვოს.

დედაქალაქის მერმა, ასევე, წარადგინა მზის პანელები, რომლებიც ქუჩებზე იქნება განთავსებული, ელექტრომობილების დატენვის მიზნით.

„დღეს, მთელი მსოფლიო მწვანე ენერგიის მიმართულებით ვითარდება და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო aigroup-ის დამფუძნებლებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, დედაქალაქში კიდევ უფრო საინტერესო პროექტები გვექნება. უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, ამ ელექტრომობილებით ისარგებლოს;, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოში პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოება დაიწყება - ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომანქანებით მოამარაგებს არამხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.

ტეგები