დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულებიდან 6 კლინიკებში რჩება
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2019 10:19
დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულებიდან 6 კლინიკებში რჩება

დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულებიდან 6 ამ დრომდე კლინიკებში რჩება. მათგან ყველაზე რთული 22 წლის კაცის მდგომარეობაა. აფეთქებისას მან სხეულის 35 პროცენტის დამწვრობა მიიღო. ჩაუტარდება თუ არა პაციენტს ოპერაცია, ეს დღეს გახდება ცნობილი.

აფეთქებისას დაშავებული შვიდი თვის ბავშვი კი იაშვილის კლინიკიდან ღამით გაწერეს. გოგოს მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება საავადმყოფოში გადაყვანილი კაცი. ამ დროისთვის კონტაქტურია ქირურგიის ცენტრში მოთავსებული ქალიც, რომელსაც კვლევების პროცესში კრიტიკული ანემია გამოუვლინდა. კიდევ სამი დაშავებული ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული. მათგან ერთს ტვინის შერყევა აქვს, დანარჩენი ორის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე კორპუსში გაზის სუნი იგრძნეს და „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს მათი თანამშრომლები ადგილზე 30 წუთის დაგვიანებით მივიდნენ, სიცრუეა. „ყაზტრანსგაზში“ განმარტავენ, რომ კორპუსში გაზის სუნის შესახებ ზარი მათთან 11:50 საათზე შევიდა, სწრაფი რეაგირების ჯგუფი კი შემთხვევის ადგილზე 12:11 საათზე მივიდა. თუმცა, მათივე ინფორმაციით, აალება მათი წარმომადგენლების ადგილზე მისვლამდე 1 წუთით ადრე მოხდა.

პირველადი ვერსიით, აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის 2 სადარბაზო სრულად დაცლილია. კორპუსს 24-საათიან რეჟიმში დაცვის სამსახური იცავს. დაზიანებულ ნაწილში გადაკეტილია, როგორც ბუნებრივი აირი, ისე ელექტროენერგია და წყალიც. ექპერტიზის დასკვნამდე ბინების დატოვება სულ 23 ოჯახს მოუხდა. მათმა ნაწილმა თავი ახლობლებს შეაფარა. 9 ოჯახი, რომელთაც თავშესაფარი არ ჰქონდათ, სასტუმროში განათავსეს. ხარჯებს გამგეობა დაფარავს.

მაშველებმა კორპუსის დაზიანებული კედლის დემონტაჟიც მოახდინეს. მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი ბინის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოიწვია, დაზიანდა ეზოში მდგარი 4 ავტომობილიც. ადგილზე სამუშაო დღეს დილიდან განახლდა. რამდენიმე დღეში გაირკვევა, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში ცხოვრება. 

ტეგები